“არ ვიცი, წელს რესტორანს გავხსნი თუ არა” – “რძლები”

„არ ვიცი, წელს რესტორანს გავხსნი თუ არა“, – ამის შესახებ, თერჯოლაში მდებარე რესტორანი „რძლების“ თანადამფუძნებელმა, ქეთო ფუტურიძემ BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” ისაუბრა.
მისივე თქმით, წელს რესტორნისთვის დამტკიცებული ევროკავშირის გრანტები გაუუქმდათ, რაც საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მიღებულმა კანონმდებლობამ განაპირობა.
„როგორ გამოვიდა იცით?! – ავი ძაღლი თივას არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო. თვითონ მთავრობა არაფერს არ აკეთებს, რომ თავის მეწარმეებს დაეხმაროს და არც ევროპის გამოწვდილ დახმარების ხელზეც ამბობს თანხმობას. შესაბამისად, ჩვენ გვექმნება ძალიან დიდი პრობლემა. სტუმარმასპინძლობის სფეროში მხოლოდ ორი წელია ვართ ჩართული, მაგრამ მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს მეღვინეობაში და უსამართლობა იქნება უბრალოდ, რომ არ აღვნიშნოთ რამდენად დიდი წვლილი აქვს თუნდაც ევროპას, ამერიკას.
გული მწყდება, რომ მრავალ მეწარმე ქალს მოუწია, საკუთარი კარ-მიდამო, ოჯახი და წარმოება მიეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო. ძალიან მწყდება გული, რომ ეს ჯოხი ძირითადად რეგიონში მცხოვრებ ქალებზე ტყდება. იმიტომ, რომ მათ მთავრობისგან არანაირი დახმარება არ აქვთ. პირადად მე, არ ვიცი წელს რესტორანს გავხსნი თუ არა. ერთ-ერთი გრანტი შეფერხებულია, რომელზედაც დიდ იმედებს ვამყარებდით. ამით ჩვენ უნდა გაგვემართა ელექტრონული სისტემა რესტორანში“, – ამბობს „რძლების“ თანადამფუძნებელი და დასძენს, რომ ბოლო ორ თვეში, ანუ 2025 წელი რაც დაიწყო, ჯავშნების 40% გაუუქმდათ. საუბარია ევროპულ ჯავშნებზე.
მისი შეფასებით, აღნიშნული ფაქტი იმიტომ კი არ ხდება, რომ საქართველოშია დიდთოვლობა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია.
ცნობისთვის, რესტორანი “რძლები“ თერჯოლაში 2023 წლის ივლისის თვეში გაიხსნა. რესტორანი სეზონურია და მომხმარებელს გაზაფხული – შემოდგომის ინტერვალში ემსახურება.