სენდვიჩი ჯონჯოლით ან შქმერულად — რას დააგემოვნებთ “წიწილაში”?

გასტრონომია ქართველების ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა, რაზედაც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში არსებული კვების ობიექტების მრავალფეროვნება მიუთითებს.
ბოლო წლებში, ქვეყანაში განვითარდა სწრაფი კვების მიმართულებაც. ამ მხრივ, გამოსარჩევია “წიწილა” — სწრაფი კვების ქართული ქსელი, რომელიც მომხმარებლებს ექსკლუზიურად ქათმის პროდუქტებს, მათ შორის საფირმო სენდვიჩებს, შნიცელს და გრილზე შემწვარ ქათამს სთავაზობს.
როგორც “წიწილას” თანადამფუძნებელი, მარიამ მარხულია “საქმიანი დილაში” ამბობს, რესტორანი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, მაგრამ ერთგული მომხმარებელი უკვე ჰყავს. “წიწილას” სტუმრებს შორის შეხვდებით, როგორც სტუდენტებს, ასევე ოფისში დასაქმებულ ადამიანებს და 35-ზე დიდი ასაკის ადამიანებს, რომლებიც “წიწილას” გრილზე შემწვარი ქათმის დასაგემოვნებლად ოჯახთან ერთად სტუმრობენ.
“ჩვენი “წიწილა” საკმაოდ ცნობილია, რადგან ვერ ნახავთ ოფისს, სადაც ჩვენი ქათამი ერთ ადამიანს მაინც არ დაუგემოვნებია. ვფიქრობ, ჩვენი მთავარი მიღწევაც ესაა — გვყავს ადამიანების წრე, რომელთაც ჩვენი პროდუქტი ძალიან უყვართ. თავდაპირველად გვეგონა, რომ ჩვენი მთავარი კლიენტები სტუდენტები იქნებოდნენ, რადგან პირველი რესტორანი უნივერსიტეტებთან ახლოს, მერაბ კოსტავას #76-ში გავხსენით. როგორც აღმოჩნდა, შევცდით, რადგან სტუდენტებთან ერთად, ჩვენს სენდვიჩებს აქტიურად უკვეთენ ოფისებში დასაქმებულები, რეალურად, შეკვეთების ბირთვი მათზე მოდის. საღამოს კი, “წიწილაში” დადიან ოჯახები, რომელთაც გრილზე შემწვარი ქათამი განსაკუთრებით უყვართ”, — განაცხადა მარიამ მარხულიამ “საქმიან დილაში”.
როგორც “წიწილას” თანადამფუძნებელი ამბობს, რესტორნის მენიუს ექსკლუზიურად ერთი პროდუქტის გარშემო აგება ის კონცეფცია იყო, რომელიც გუნდმა პირველივე დღიდან შეარჩია, რადგან საქართველოს ბაზარზე, მათი თქმით, ამ ტიპის კვების ობიექტების დეფიციტი იყო. დღეს, “წიწილაში” შეხვდებით, როგორც კარგად ნაცნობ უცხოურ სენდვიჩებს, ასევე ტრადიციულად ქართულ გემოებს.
“უცხოეთში ძალიან პოპულარულია რესტორნები, რომლებიც ერთ პროდუქტზე არის ორიენტირებული, ხოლო საქართველოსთვის ეს სიახლე იყო. ამიტომაც შევქმენით რესტორანი, სადაც მხოლოდ ერთი სახეობის ხორცი იყიდება — ქათამი. გვინდოდა, “წიწილა” ყველასგან განსხვავებული და მრავალფეროვანი ყოფილიყო — ისეთი ბრენდი, როგორიც საქართველოში ჯერ არ შექმნილა.
სენდვიჩების მენიუს შედგენის პროცესი ძალიან საინტერესო იყო — ერთი მხრივ, სწრაფი კვების მიმართულების შენარჩუნება გვინდოდა, მეორე მხრივ კი, ქართული ნოტების ინტეგრირება, რომლებზეც უარს ვერ ვიტყოდით, რადგან ქართული სამზარეულო ძალიან გემრიელია. აი, ჩვენი საფირმო სენდვიჩი, მაგალითად, ჯონჯოლით მზადდება და ის მომხმარებელს “წიწილას” გახსნის პირველივე დღიდან უყვარს. ახლახან დავამატეთ სენდვიჩი შქმერულად, რომელიც ასევე პოპულარულია. უცხოური გემოების მქონე სენდვიჩებიც გვაქვს, ბეკონით და მდნარი ყველით…
თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ყველა კერძი იმდენად მრავალფეროვანია, რომ “წიწილა” არ მოგბეზრდება. შეგიძლია, ჩვენი სენდვიჩები ყოველ დღე მიირთვა და ყოველ ჯერზე, ახალ გემოს აღმოაჩენ”, — განაცხადა მარიამ მარხულიამ “საქმიან დილაში”.
როგორც “წიწილაში” ამბობენ, სწრაფი კვების ქართული რესტორანი სწრაფად იზრდება, რამაც კომპანიის დამფუძნებლებს წარმოების ოპტიმიზაცია და სპეციალიზებული საწარმოს შექმნა გადააწყვეტინა, სადაც, ასევე, მრავალი სახეობის პური ცხვება, რომელსაც იყენებენ არამხოლოდ “წიწილაში”, არამედ სხვა რესტორნებსა და კაფეებში.