ველნეს კურორტ „ბიოლში“ კოტეჯების დაქირავება გაიაფდა. კომპანიის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე განმარტავს, რომ ფასების შემცირება უცხოელი დამსვენებლების რაოდენობის კლების გამო მოუწია.
BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში კითხვაზე – ნოემბრის შემდეგ შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა რა გავლენა იქონია ბიზნესზე, რომელიც მაღალგადახდისუნარიან სეგმენტზე და ტურისტებზეა ორიენტირებული, თამაზ მჭედლიძე პასუხობს, რომ ნოემბრის შემდეგ მათი ფინანსური მაჩვენებლები უარყოფითი იყო, რადგან მცირე დატვირთვა ჰქონდათ.
„ნოემბერში გვქონდა მინუს 180 ათასი ლარი, დეკემბერში – მინუს 185 ათასი ლარი და იანვარში გვქონდა მინუს – 201 ათასი ლარი. დამსვენებელი გვყავდა, თუმცა საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ნულოვან მაჩვენებელზე, რომ გავსულიყავით.
საერთოდ ველნესი, ისეთი სფეროა, რომლითაც მაღალ გადამხდელუნარიანი ადამიანები ინტერესდებიან. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ ცხოვრებაში, ჯანმრთელობის ფასი იციან და მიდიან ამა თუ იმ ქვეყანაში კურორტებზე, სადაც ორგანიზმს იჯანსაღებენ და ჯანმრთელობის რესურსებს იუმჯობესებენ“, – აღნიშნა თამაზ მჭედლიძემ.
უცხოელი ტურისტების ნაკადის კლების გამო „ბიოლის“ დამფუძნებელს ფასების შემცირება მოუწია. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება.
„საფასო პოლიტიკის გადახედვა მოგვიწია. ფაქტობრივად, როდესაც უცხოელები ნაკლებად არიან ქართველები უფრო მეტად ამოდიან. ქართველებისთვის კი ველნესის ცნება სუფთა ჰაერზე სიგარეტის მოწევას ნიშნავს. კულტურა არ გვაქვს ჯერ. ამიტომ ფასიც სათანადო უნდა იყოს. ზაფხულში კოტეჯის ღირებულება თუ 400 დოლარი იყო, ახლა 150 დოლარია. უცხოელებისთვის ის ფასიც არ არის მაღალი. უცხოელი დამსვენებლები ალაგ-ალაგ იყვნენ, მაგრამ იმედია ადრე თუ გვიან, წლების განმავლობაში მაინც დალაგდება მდგომარეობა და ყველაფერი გამოსწორდება“, – განმარტა თამაზ მჭედლიძემ.
