ენერგოპროექტების ინვესტორებისთვის მთავარი შემაფერხებელი ბიუროკრატიული ბარიერებია – გამოწვევაზე “საქმის კურსთან”განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული წამახალისებელი მექანიზმებით სექტორით დაინტერესებული ინვესტორები კმაყოფილნი არიან, თუმცა აქვთ სურვილი დროში გაწელილი პროცედურები დაჩქარდეს.
GREDA -ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგოწყაროების გამოყენებით გენერაციის ობიექტების რაოდენობის გაზრდა, რაც სისტემას დამატებითი მეგავატებით შეავსებს, ასევე აუცილებელია ჰესებთან ერთად ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა.
„არ შემიძლია არ აღვნიშნო ის, რომ გადამწყვეტ და კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიუროკრატიის ნაწილი. საკითხთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური, დადებითი თანამშრომლობა სამინისტროსთან. შეხვედრები დაიწყო თებერვლის შუა რიცხვებში, სადაც კონკრეტული მაგალითების წარდგენის პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ ეს ბიუროკრატიული გამოწვევები მოგვარდეს და სწრაფად დაინერგოს „ერთი ფანჯრის“, რათა მეტი შესაძლებლობა მიეცეს ინვესტორს, მოკლე დროში გაიაროს როგორც ნებართვების აღების ეტაპი და შესაბამისად, სწრაფად გადავიდეს წინასამშენებლო და სამშენებლო ეტაპებზე“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობენ, რომ გამოწვევად რჩება ადგილობრივი მოსახლეობის სკეპტიკური დამოკიდებულება ჰიდროელექტროსადგურების მიმართ, ვინაიდან, ისევ არსებობს განსხვავება ადგილობრივების ხედვებსა და ინვესტორის ხედვებს შორის, თუმცა გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საპასუხოდ ინვესტორების მხრიდან არსებობს მზაობა, ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესში ადგილობრივმა თემმა მეტი სარგებელი მიიღოს.
