„მშენებლობისთვის სესხების აღება გართულდა“ – „არსი“

სამშენებლო კომპანიებს ახალი პროექტების დასაწყებად ბანკებისგან სესხების აღება უჭირთ. ეს საკითხი სამშენებლო ბიზნესისთვის პრობლემას წარმოადგენს და ამაზე სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ. „არსის“ გენერალური დირექტორი ბესიკ ორთოიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში ადასტურებს, რომ კომპანიებს ბანკებისგან სესხების აღება გაურთულდათ. მისი განმარტებით, თავად კორპორაციული სესხით არ სარგებლობენ, თუმცა ამ პრობლემის შესახებ ის ინფორმირებულია. ბანკების მხრიდან სიფრთხილეს ის რისკებსა და ეკონომიკაში არსებულ რყევებს უკავშირებს.
,,სამშენებლო კომპანიებისთვისაც გართულდა სესხების აღება მშენებლობისთვის. მეც მაქვს ეს ინფორმაცია. უბრალოდ ჩვენ არ ვსარგებლობთ კორპორაციული სესხით. დეკემბერში მქონდა ინფორმაცია, რომ (ბანკები) ახალი პროექტების დაფინანსებაზე მარტივად არ იღებდნენ გადაწყვეტილებას, მაგრამ მიმდინარე პროექტები, რომლებიც დაფინანსებული ჰქონდათ, იქ ჩვეულებრივად აგრძელებდნენ ამ დაფინანსებას. ეს არსებულ გარემოს უკავშირდება. გარკვეული რყევები არსებობს ჩვენს სექტორში და ზოგადად ეკონომიკაში, აქედან გამომდინარე ბანკები ასეთ სიტუაციაში ყოველთვის ფრთხილობენ და ფრთხილად გასცემენ სესხებს.’’- აცხადებს ბესიკ ორთოიძე.
ბოლო წლებში უძრავ ქონებაზე ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ,,არსის“ გენერალურ დირექტორს ვკითხეთ, მოსალოდნელია თუ არა ფასების მორიგი მატება. ბესიკ ორთოიძე განმარტავს, რომ ფასის მნიშვნელოვანი ზრდა 2022 წელს დაფიქსირდა, რაც სამშენებლო მასალების გაძვირებამ გამოიწვია. მატების ტენდენცია შემდეგ წელსაც შენარჩუნდა, რადგან 2023 წელს მშენებლობაზე დასაქმებულების ხელფასებმა მოიმატა. თუმცა, მიმდინარე პერიოდში ბესიკ ორთოიძე უძრავი ქონების გაძვირებას არ ელოდება.
,,მკვეთრი ზრდა სამშენებლო მასალებზე 2022 წელს მოხდა. 2023 წელს მოხდა ხელფასების ნაწილში მატება. 2024 წელს შედარებით დასტაბილურდა და გასაყიდ ფასშიც ჩანდა ეს. 2024 წელს მკვეთრად აღარ გაზრდილა უძრავი ქონების ფასი. უფრო ბუნებრივი ზრდა იყო. ესეც გამონაკლის შემთხვევაში პროექტების მიხედვით. შესაბამისად, ეს ფასში უკვე ასახულია. მომავალში თუ რამე მოხდება მერე უკვე ის გამოიწვევს ფასის კორექციას. აქამდე რაც მოხდა ეს უკვე ასახულია. უძრავმა ქონებამ ახალი საფასო ნიშნული იპოვა 2023 წლის ბოლოს და იგივე ნიშნულზეა მიმდინარე პერიოდშიც. წელს მხოლოდ ორი რეგულაცია შეეხო უძრავი ქონების სექტორს. ერთი იყო არმატურის აქციზი, მეორე იყო მშენებლობაში ჩართული ინდმეწარმეებისთვის მიღებული ახალი გადაწყვეტილება. ორივე, ამ შემთხვევაში, თვითღირებულების ზრდას გამოიწვევს, თუმცა არა დრამატულად. არ ველოდებით, რომ გაიზრდება უძრავი ქონების ფასი. შემცირება მოსალოდნელი არ არის. აქ ან სამშენებლო მასალები ან ხელფასები უნდა შემცირდეს. არც ერთს წინაპირობა არ გააჩნია, რომ მოკლევადიან პერიოდში მოხდება“, – აცხადებს ბესიკ ორთოიძე.