აზერბაიჯანში წინასწარპატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს

Toplum TV-ის თანამშრომელი შახნაზ ბეილერგიზი, ალიევის ოჯახისთვის თხოვნის შემდეგ, შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
ჟურნალისტი შახნაზ ბეილერგიზი 2025 წლის 5 თებერვალს „Toplum TV-ის საქმეზე დააკავეს. 6 თებერვალს ხათაინის რაიონულმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 3 თვით და 15 დღით.
7 თებერვალს მისმა ადვოკატმა, ბახტიარ ჰაჯიევმა, განაცხადა, რომ ბეილერგიზი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამო.
8 თებერვალს ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა – ნოველა ჯაფაროღლუმ, საიდა გოჯამანლიმ და საადათ ბანანარლიმ – მიმართეს ილჰამ ალიევსა და მეხრიბან ალიევას. მათ ოთხოვეს ბეილერგიზის შინაპატიმრობაში გადაყვანა და გამოხატეს შეშფოთება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
შახნაზ ბეილერგიზი „Toplum TV-ის“ წამყვანი იყო. მას შემდეგ, რაც ინტერნეტ-ტელევიზიასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მისი გადაცემის ტრანსლაცია შეჩერდა.
2024 წლის 6 მარტს სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს „Toplum TV-ის“, „დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის“ და პლატფორმა „მესამე რესპუბლიკის“ ოფისებში, ასევე რამდენიმე თანამშრომლის სახლებში.
პოლიციამ 20-ზე მეტი თანამშრომელი დააკავა, თუმცა რამდენიმე საათში მათი უმეტესობა გაათავისუფლეს. „Toplum TV-ის“ ოფისი დალუქეს.
ჟურნალისტების – ფარიდ ისმაილოვის, ელმირა აბასოვას, „დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელისა და „მესამე რესპუბლიკის“ სპიკერის, აკიფ გურბანოვის, ასევე ალი ზეინალის, რამილ ბაბაევისა და ილქინ ამრახოვის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა კონტრაბანდის ბრალდებით და მათთვის წინასწარი პატიმრობა შეირჩა.
2024 წლის 8 მარტს იმავე ბრალდებით დააკავეს პლატფორმა „მესამე რესპუბლიკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსლან იზზეთლი და „Toplum TV-ის“ თანადამფუძნებელი ალესკერ მამედლი.
2025 წლის 17 იანვარს „Toplum TV-ის საქმის“ ფიგურანტების მიმართ ბრალდებები გაამკაცრეს.
მათ წაუყენეს ახალი ბრალდებები სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების გარეშე დასაქმება, უკანონო მეწარმეობა დიდი ოდენობით, კრიმინალური შემოსავლის ლეგალიზაცია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი კონტრაბანდა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ გადასახადების გადაუხდელობა.
2023 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების მასობრივი დაკავებები დაიწყო კონტრაბანდის ბრალდებით. თუმცა, არც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს და ამას საკუთარ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.
ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ შედგენილი ბოლო სიის მიხედვით, ამჟამად აზერბაიჯანის ციხეებში 357 პოლიტპატიმარი იმყოფება.
აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში არავინ დაუკავებიათ მხოლოდ პროფესიული საქმიანობის ან პოლიტიკური მიზეზების გამო. მათი თქმით, სიაში მოხვედრილი პირები პასუხს აგებენ მხოლოდ “ჩადენილ დანაშაულებზე”.