ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის (EFJ) ხელმძღვანელი რიკარდო გუტიერეზი პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციასა და სხვა მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციებს წერილით მიმართეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ფედერაციას ატყობინებდნენ, რომ ისინი კოორდინირებული თავდასხმებისა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობების სამიზნეები გახდნენ.
წერილი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის 140-ზე მეტი თანამშრომელი აწერს ხელს, იწყება შეშფოთების გამოხატვით იმის გამო, რომ 4 თებერვალს ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც მაუწყებლის ბორდის სხდომაზე გააკრიტიკეს არხი ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავების სუსტი გაშუქების გამო. ისინი ასე შეეცადნენ არხის ხელმძღვანელობისა და საზოგადოების ყურადღების მიქცევას.
“სამაგიეროს გადახდის ნიშნად, 4 თებერვალს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს არ მიეცა საშუალება წაეყვანა თავისი საინფორმაციო პროგრამა. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია ამ აკრძალვას მიიჩნევს მიუღებლად, ცენზურის გამოყენებად, და პოლიტიკურ ჩარევად. ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის მაუწყებელთა კავშირს რომ ჩაერიოს”, – ნათქვამი იყო 4 თებერვალს ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელის განცხადებაში.
ამ წერილში რიკარდო გუტიერეზი ასევე წერდა: “თუ უსამართლოდ სანქცირებული ჟურნალისტს დაუყოვნებლივ არ დააბრუნებენ პოსტზე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაირიცხოს ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან (EBU)”.
“ფაქტობრივად არასწორი და მცდარია ის, რომ თქვენ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერიდან მოხსნა დააკავშირეთ მის მიერ მზია ამაღლობელისადმი გამოხატულ სოლიდარობასთან…
თქვენი ორგანიზაციის მისია, განსაკუთრებით ასეთ მწვავე ვითარებაში, ჟურნალისტების დაცვაა. თუმცა, თქვენს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, თქვენ კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენეთ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებს. ” – წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების წერილში, რომლის ადრესატებიც გარდა ევროპის ჟურნალისტთა ასოციაცია, არიან ასევე საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), Free Press Unlimited (FPU), OBC Transeuropa (OBCT), Index on Censorship, ფონდი „სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის“, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) და PEN International;
ამ წერილში საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები და პროდუსერები მტრულ გარემოზე, მათ წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიებსა და ინტენსიურ, კოორდინირებულ თავდასხმებზე საუბრობენ, რომლის მიზანიც მათი შეფასებით სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმაა.
19 თებერვალს ბრიუსელიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ წერილში ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელი მათ სწერს, რომ არასწორად აღიქვეს მისი 4 თებერვალს გაკეთებული განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან გარიცხვის შესახებ, რადგან მის ორგანიზაციას ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებიდან რომელიმე წევრის გარიცხვის ბერკეტი არ აქვს და მისი მიზანი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური გავლენებისგან დაცვა იყო.
“ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლების ევროპულ გაერთიანებას სთხოვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის დამოუკიდებლობის გარანტად ყოფნა და ჟურნალისტების დაცვა ნებისმიერი პოლიტიკური გავლენებისგან მათი სამუშაოს შესრულებისას. იმედი მაქვს, თქვენ ამის წინააღმდეგი არ ხართ!
მეორე მხრივ, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არ იცავს ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრინციპებს, ისინი თავად რიცხავენ თავს ამ ორგანიზაციიდან.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საქმეს რაც შეეხება, მიგვაჩნია, რომ მისი ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს მივწერე კიდეც 12 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს. სრულიად მიუღებლად და გაუმართლებლად მივიჩნევ იმას, რომ მისი შემთხვევა უნდა გამოიძიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებულმა ბორდმა. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია კვლავ მხარს უჭერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლების რაიმე ტიპის პოლიტიკურ ზეწოლას შეიძლება განიცდიდნენ.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს არც ერთ მის საჯარო განცხადებასა და ინტერვიუში არ გაუმხელია რაიმე სახის კონფიდენციალური ინფორმაცია. მას საკუთარი განცხადებებით არ შეულახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაცია. პირიქით, მისი მიზანი მაუწყებლის და მისი პრინციპების დაცვაა. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია მიესალმება ყველა ამგვარ საჯარო ინტერვენციას ჟურნალისტების მხრიდან, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებით არის ნაკარნახევი – ასეთი ჟურნალისტები დაცულები უნდა იყვნენ როგორც მამხილებლები და არ შეიძლება გახდნენ შურისძიების მსხვერპლები” – ნათქვამია ორგანიზაციის წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებას კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
ამავე წერილში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი, ვასილ მაღლაფერიძე და საბჭოს წევრები, გიორგი კოხრეიძე და გია იაკობაშვილი ღიად არიან დასახელებული, როგორც პოლიტიკური გავლენების მქონე პირები, რომელთა მიმართაც საზოგადოების ნდობის საკითხი სადავოა.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის საქმეზე საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი ეთერიდან მოხსნის შემდეგ შიდა მოკვლევას აწარმოებს. ტელეწამყვანს მოამბის 6 საათიანი გამოშვება აღარ მიჰყავს მას შემდეგ, რაც მისმა პროდუსერმა საჯაროდ თქვა, რომ მასთან ერთად მუშაობას შეუძლებლად მიიჩნევდა. ტელეწამყვანის ეთერიდან მოხსნას წინ უსწრებდა მისი განცხადებები სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე საინფორმაციო პოლიტიკის პრობლემების შესახებ და ასევე მზია ამაღლობელისთვის პირდაპირ ეთერში გამოცხადებული სოლიდარობის მრავალჯერადი აქტები.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ორ თვეზე მეტია მოქალაქეები ყოველდღიურად მართავენ აქციას და ითხოვენ “სახალხო ეთერს”, ტელევიზია დეკემბრის ბოლოს საღამოს ეთერში ერთ საათს უთმობდა იმ ადამიანების სათქმელს, ვინც უკმაყოფილია ხელისუფლებითა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკით. ახალი წლის შემდეგ “სახალხო ეთრები” შეწყდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასრულებს არც საკუთარი თანამშრომლების მოთხოვნას დღის ეთერის გახსნაზე, აქტუალური თემების განსახილველად.
ფორუმი
