აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მდიდარ უცხოელებს „ოქროს ბარათებს“ მიყიდის, რომლის ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარი იქნება და რომელიც მათ შეერთებულ შტატებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემს და შესთავაზებს გზას მოქალაქეობის მიღებისკენ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
”ვაპირებთ გავყიდოთ ოქროს ბარათი. მწვანე ბარათი გაქვს. ეს არის ოქროს ბარათი. ჩვენ ვაპირებთ ამ ბარათს ფასი დაახლოებით 5 მილიონი დოლარი დავადოთ. ეს მოგცემთ მწვანე ბარათის პრივილეგიებს, გარდა ამისა, ეს იქნება გზა მოქალაქეობისკენ. ამ ბარათის შეძენით ჩვენს ქვეყანაში მდიდარი ადამიანები შემოვლენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ბარათების გაყიდვა დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება და მილიონობით ასეთი ბარათის გაყიდვა იქნება შესაძლებელი.
კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის რუსი ოლიგარქებისთვის ბარათების მიყიდვას, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, შესაძლოა. მე ვიცნობ ზოგიერთ რუს ოლიგარქს, რომლებიც ძალიან კარგი ხალხია“.
ვაჭრობის მინისტრმა, ჰოვარდ ლუტნიკმა განმარტა, რომ ბარათი ჩაანაცვლებს ინვესტორთა საიმიგრაციო სავიზო სამთავრობო პროგრამას, EB-5-ს, რომელიც უცხოელ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, ჩადონ ფული აშშ-ის პროექტებში, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან და შემდეგ აშშ-ში საიმიგრაციო ვიზებზე განაცხადი გააკეთონ.
