რომ არა ქართველი ნაძირალები და გარეწრები, რომლებიც დღემდე არიან, რუსეთი ვერაფერს გახდებოდა საქართველოში – ეს არის „ქართული ოცნება“ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი ადამიანი არსად არაფერს წყვეტს, პირამიდები ლაგდება და ვინც ამ პირამიდის ნაწილია, ვინც „ქართულ ოცნებას“ დღემდე აძლევს ხმას, ყველანი არიან „ორჯონიკიძეები“.
„დღეს საქართველოს ისტორიაში ცენტრალური თარიღია. სამწუხაროდ, დღემდე ცენტრალური, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლები ვართ, ჩვენი მთავარი, ცენტრალური გამოწვევა მაინც არის ისევ და ისევ რუსეთი. ის სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა ოკუპაცია. როცა ვსაუბრობთ, სულ ყველაფერი გვინდა დავაბრალოთ რუსებს. გვავიწყდება ვინ მოაწერა ხელი იმ დეპეშას, რომელიც გაიგზავნა მოსკოვში თბილისიდან. მოაწერა ორჯონიკიძემ, ქართველმა. სტალინი იყო მიმღები… რომ არა ქართველი ნაძირალები და გარეწრები, რომლებიც დღემდე არიან საქართველოში, რუსეთი ვერაფერს გახდებოდა საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული, მკაფიო, ეროვნული სუვერენიტეტი. ჩვენი კულტურით, ენით, კავკასიონის ქედითა და შავი ზღვით დაცულები ვართ, რომ არა ციხე-სიმაგრეში შიგნიდან განხეთქილება. დღემდე ეს პრობლემაა. ეს არის „ქართული ოცნება“ ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ერთი ადამიანი არსად არაფერს წყვეტს. პირამიდები ლაგდება. კი არის ივანიშვილი თავში, მაგრამ ვინც ამ პირამიდის ნაწილია, ვინც „ქართულ ოცნებას“ დღემდე აძლევს ხმას, ყველანი არიან „ორჯონიკიძეები“.
ის ომი, რაც უკრაინაშია, ჩვენთან იყო 2008 წელს. ჩვენი იყო ჯერ და შემდეგ დადგა ყირიმის – უკრაინის კონტექსტში და მერე მთელი უკრაინის საკითხი. სიცრუეა, უტიფარი, თავხედური სიცრუე, თითქოს, ჩვენ ავიცილეთ თავიდან. ჩვენ ვერ ავიცილეთ, სამწუხაროდ, თავიდან 2008 წელს ომი, მაგრამ ახლა 2008 წლის შემდეგ, რუსეთმა, საკუთარი თავი მოაგვარა საქართველოში. მას მიაჩნია, რომ მთლიანად საქართველოს აკონტროლებს და არავითარი საფუძველი, არანაირი ნიშნები, გადაადგილებები არ ყოფილა ომის მიმართულებით. არავის არ უნდოდა საქართველოში შემოსვლა. ომს ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლება. დღემდე არ მოუტანიათ არანაირი კონკრეტული მაგალითი. სად არის „გლობალური ომის პარტია“? დაივიწყეს ხომ? როგორც „გარეჯი საქართველოა“. ახლა არის „დიფ სთეითი. მუდმივად აბოლებენ საკუთარ ამომრჩეველს, სხვას ვერავის. ვისაც არ მოსწონს „ქართული ოცნება“, მასზე ეს რაღაცები არ მოქმედებს. ყველა ეს განცხადებები, თუნდაც, ამერიკულ რეზოლუციასთან მიერთება, ამით უნდათ, რომ აჩვენონ, რა მაგრები ვართ, გვერდით ვუდგავართ ამერიკასო. მუდმივი ტყუილი, სიცრუე, ამით მხოლოდ და მხოლოდ ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს, რომელიც მზადაა, რომ მოიტყუოს თავი. მას აწყობს, რომ მოიტყუოს თავი, რათა მიიღოს პენსია, შემწეობა.
[აშშ-ის რეზოლუციაზე მიერთებით] ამით შეიძლება მიიქციოს ტრამპის ყურადღება. ამიტომ ჩვენ უნდა ვსაუბრობდეთ არა „ქართულ ოცნებაზე“, და არა ამერიკაზე, არამედ ჩვენ რა რესურსები გაგვაჩნია. დღეს 25 თებერვალია. დღეს თუ ამ სიცივეში, ყინვაში, საკმაოდ ბევრი ხალხი გამოვა, ეს მორიგი შეტყობინებაა. ნორმალური ხელისუფალი რომ იყოს „ქართული ოცნება“, დიდი ხანია, შობის მერე მაინც მიხვდებოდა, ქართველები არ აპირებენ საცივში ჩაძირვას და აპირებენ ბრძოლას. შობის ღამეს მაინც მიხვდებოდნენ, თუ არა ახალი წლის ღამეს. „ქართული ოცნების“ ყველა უკანონო საკანონმდებლო მოქმედება არის მიმართული აქციების წინააღმდეგ. „რუსული კანონის“ ამერიკულად გადაქცევა, დაჯარიმებები, სასტიკი ფორმების კანონების გამკაცრება, ჯარიმის რაოდენობა. მათი საქმიანობა მიმართულია აქციების წინააღმდეგ. ე.ი. კრიზისს აღიარებენ, კრიზისი არსებობს“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება უკრაინის ომს და ომის დაწყებიდან 3 წლის თავზე კიევში 13 ქვეყნის ლიდერის ჩასვლას, ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს ბრწყინვალე სოლიდარობაა.
„ის დესანტი, რაც ჩავიდა კიევში, შთამბეჭდავია. მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ სოლიდარობა გამოუცხადა. 13 ლიდერი, მათ შორის, კანადა, ბრწყინვალე სოლიდარობაა. თვით რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეებიც კი როგორც ჩინეთი და ინდოეთია, ბრაზილია, არასდროს აძლევენ თავ უფლებას საჯაროდ მოუწოდონ რუსეთს საქციელი, პირიქით, ამბობენ, რომ ომი დაუშვებელია. შეიძლება ფარულად ეხმარებიან… ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც საჯაროდ ეხმარება რუსეთს, ეს არის ჩრდილოეთ კორეა და ამ დახმარებას არ მალავს ირანი. რუსეთს არ ჰყავს საჯარო მოკავშირეები. მთელი სამყაროსთვის ეს ომი მიუღებელია. ამ ფონზე, ბუნებრივია ტრამპი ამოვარდა ამ კონტექსტიდან. ამერიკა დემოკრატიულია ინსტიტუციურად, ტრამპი არაა დემოკრატი. ტრამპი ჩაფლავდა და ახლა უფრო გაბრაზებული, გასასტიკებული დაბრუნდა ხელისუფლებაში, რათა შური იძიოს. საქართველო ასეთი პრინციპულია და ვითომ და ამერიკის რეზოლუციას გვერდში ამოუდგა, რატომ დაიმალა ბუჩქებში, როცა გენერალური ასამბლეის კენჭისყრა იყო? არ მივიდა სხდომაზე. ეს არის ყველაზე სამარცხვინო საქციელი დიპლომატიაში. თუ ასეთი ვაჟკაცი ხარ და ამერიკას გვერდით უდგახარ რეზოლუციაში, მიეცი ამერიკასავით წინააღმდეგ ხმა. იმდენად ლაჩრები არიან, რომ წინააღმდეგაც კი ვერ აძლევენ ხმას, შატალოზე წავიდნენ.
პოლიტიკა ფასდება აქტიურობით და არა სიტყვებით. ჯერჯერობით, ტრამპმა გამოუშვა ბევრი სიტყვა: „გრენლანდია“, „კანადა“, „პანამა“, „მექსიკა“, „მიგრაცია“. ერთადერთი რაც განახორციელა, ეს არის USAID-ის პროგრამების შეჩერება. 24 საათში გასაგებია, რომ ომს ვერ დაამთავრებს, უკვე 6 თვეშიც კი არ საუბრობენ ომის დამთავრებაზე, ერთ წელიწადზე გადაიტანა საუბარი. ამ ფონზე, როცა ტრამპი ლაპარაკობს, მის წინააღმდეგ შენდება კედლები და ასეთი კედელი არის ევროკავშირი. ევროკავშირმა უთხრა, რომ შენი ლაპარაკიდან საქმე არ გამოვა. ჩვენ დიდი ხანია ამ საქმეში ვართ ჩართული. ჩვენც ვხარჯავთ ფულს და უკრაინაში ხალხი სწირავს თავს ჩვენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის,შენი თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის. მესამე მსოფლიო ომი რომ ყოფილიყო რეალური, უკვე იქნებოდა, სამი წელი გავიდა. არავინაა მზად მესამე მსოფლიო ომში ჩაერთოს. რუსეთის გარშემო არავინაა, ვინც ომის მწარმოებელია. გარდა ჩრდილოეთ კორეისა. ირანი რომ ირანია, თავისი ხალხის გაგზავნას არ აპირებს. პრაქტიკულად, გამორიცხულია მესამე მსოფლიო ომი. ტრამპი ხვდება რა რომ შევიდა ჩიხში, ახლა იწყებს შანტაჟს მესამე მსოფლიო ომით, რაც დარწმუნებული ვარ, სასაცილოდ ჩანს. ძალიან გვიან დაიწყო მან მესამე მსოფლიო ომზე საუბარი“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
