უკრაინა, შესაძლოა, ევროკავშირის წევრი გახდეს 2030 წლამდე, თუკი მიმდინარე სიჩქარით და ხარისხით გააგრძელებს რეფორმებს – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 24 თებერვალს, კიევში ვიზიტისას.
ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ძალიან აფასებს უკრაინის პოლიტიკურ ნებას. ევროკომისიის პრეზიდენტი უშვებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა 2030 წლის დადგომამდეც მოხდეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ დასძინა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინისთვის იქნება სამომავლო უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტია.
მანამდე ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრა მოხდა “მხოლოდ [რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ] პუტინის იმპერიული შეპყრობილობის მიზეზით”.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საკითხი ეხება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის ბედისწერას და კიევისთვის დახმარების გაწევა რჩება ევროპის მთავარ პრიორიტეტად.
“მოცემული მომენტისთვის ჩვენმა კავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას მხარი დაუჭირეს 134 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს მეტია, ვიდრე ვინმე სხვისი [დახმარება]. ჩვენი უკრაინული ფონდის და G7-ის კრედიტის დახმარებით, უკრაინის საბიუჯეტო დეფიციტი მთელი 2025 წლისთვის დავხურეთ” – თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომიიის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ევროკავშირმა დააჩქაროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. მან, ასევე, გამოაცხადა დამატებითი დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, რომელიც სამნახევარი მილიარდი ევროს მოცულობისაა.
ფონ დერ ლაიენმა პრეზიდენტმა ზელენსკისადმი მიმართვა დაასრულა სიტყვებით “სლავა უკრაინე”, ანუ “დიდება უკრაინას”.
ფორუმი
