“დამაწიოკეს” – რატომ გაჩხრიკეს სანდრო ცნობილაძის სახლი

კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა დასრულდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაწყებულია დაზარალებულად ცობილი ქალის პირადი ამსახველი, ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვების ფაქტზე.
ცნობილაძის სახლიდან ამოიღეს მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, კომპიუტერი, დისკები და ა.შ.
ჩხრეკის დასრულების შემდეგ, უწყების წარმომადგენელმა, რომელიც უშუალოდ ატარებდა საგამოძიებო მოქმედებას, თქვა, რომ ცნობილაძის სახელი უშუალოდ დაზარალებულმა ქალმა მიუთითა.
“დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი, ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა. ასევე, მეტადაც მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც, ყალბი ექაუნთის გამოყენებით, პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტო-მასალას […] ბრალდებაზე არ არის საუბარი, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარე სასამართლოს განჩინების საფუძველზე. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ვაცნობებთ მერე”, – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა.
ჩხრეკას ნაწილობრივ დაესწრო ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. ის ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედება მის გარეშე დაიწყო. თუმცა, ადგილზე მისვლის შემდეგ მისცეს დასწრების უფლება. ტყეშელაძის თქმით, გამოძიებას რაიმე მტკიცებულება რომ ჰქონდეს ცნობილაძის წინააღმდეგ, მას დააკავებდნენ. ადვოკატის შეფასებით, ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედების მიზანი დაშინება და რეპუტაციის შელახვაა.
“მე როდესაც ვეკითხებოდი [გამომძიებლებს], რაზე იყვნენ შემოსულები, მათ ვერ გამცეს სწორი პასუხი. ვერ მესაუბრნენ. ფაცი-ფუცით აკეთებდნენ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს. მოსამართლის განჩინება ჰქონდათ და ამ მოსამართლემაც ეს განჩინება რატომ მისცა … არაც ჩანს, რომ ეს არ არის სამართლებრივი საკითხი. ეს არის პოლიტიკური საკითხი. რას უკავშირდება ეს ყველაფერი? ბატონ სანდროს ხმაზე არის გაზრდილი საქართველოს ახალგაზრდობა. მთელი ცხოვრება სამშობლოს ემსახურებოდა, ემსახურებოდა საქართველოს და დღესაც სამშობლოს ემსახურება, ემსახურება საქართველოს და სწორედ ამიტომ შემოვარდნენ დღეს ეს გამომძიებლები. ააწიოკეს ოჯახი. არ მისცეს უფლება ადვოკატს, თავიდანვე დასწრებოდა აღნიშნულ ჩხრეკას. ანერვიულეს სანდროს დედა. საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ რაიმე მტკიცებულება რომ არსებობდეს აღნიშნულ საქმეში, დღეს ბატონი სანდრო ეყოლებოდათ დაკავებული”, – განაცხადა ადვოკატმა.
მედიასთან ისაუბრა თავად სანდრო ცნობილაძემაც. ჩხრეკას ის მის სამოქალაქო პოზიციას და პროევროპულ აქციებზე აქტიურად მონაწილეობას უკავშირებს.
“შემოვიდნენ დილას. ალბათ 11:00 საათი იყო. მეძინა. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შესაბამისად, მათი ასე შემოსვლის ფორმა მათი იყო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ამოიღეს ლეპტოპები, ამოიღეს დისკები და ძალიან სასაცილოა. იმიტომ, რომ იმ დისკებზე არის 9 აპრილის ფილმი, გაციფრულებული; 90 წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა კასეტებზე და მერე არის გაციფრულებული; შეიძლება, რაღაც საფეხბურთო ამბები არის იმ დისკებზე – მთელი ჩემი ცხოვრებაა ტელევიზიაში ვარ და მთელი ჩემი ცხოვრებაა ფეხბურთს ვემსახურები, მთელი ჩემი ცხოვრებაა, საფეხბურთო კომენტატროი ვარ. შესაბამისად, ესენი არის წაღებული. წაღებული არის ლეპტოპები. ჩემი ტელეფონი აქვთ, ასევე, ამოღებული. იყო იქ რაღაცები ჩემი შვილის მისამართით, რომ ტელეფნს წაგართმე და ა.შ. მოკლედ, დამაწიოკეს […] მაინც, ყველა შემთხვევაში, ყოველ დღე ვიდგენი აქციაზე, ყოველ დღე მივალ, ყოველ დღე გავაპროტესტებ”, – განაცხადა ცნობილაძემ.