უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ აპირებს ხელშეკრულების აღიარებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას აშშ-ს წინაშე 500 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი ექნება.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების პირობებს ვალის სახე აქვს, რომელიც უკრაინამ აშშ-ს უნდა გადაუხადოს.
„ვიცი, რომ ჩვენ გვქონდა 100 (მილიარდი დოლარი აშშ-დან) და არ ვაპირებ 500-ის [მილიარდი] აღიარებას, ვინც რაც არ უნდა თქვას“, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ აშშ-ის ფინანსურ დახმარებას ვალად არ თვლის.
„არ ვაწერ ხელს იმას, რასაც უკრაინელების ათი თაობა გადაიხდის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და „პროგრესია“ აშშ-სთან მინერალებზე შეთანხმებაში. მისი განცხადებით, წინადადებები ჯერჯერობით არ არის ის, რაც მათ სურთ, მაგრამ მოლაპარაკებები წინ მიიწევს და უკრაინა “მზადაა გასაზიარებლად”.
”ჩვენ პროგრესს ვაღწევთ,” – დასძინა ზელენსკიმ.
