რუსულმა ძალებმა 23 თებერვლის ღამეს უკრაინის რეგიონებს ბალისტიკური რაკეტებით და 267 დრონით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა 138 დრონი ჩამოაგდეს, 119 კი – ლოკაციურად დაიკარგა. ამასთან, სამი დრონი რუსეთის ტერიტორიაზე გაფრინდა, ერთი კი – ბელარუსში.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ორიოლის, ბრიანსკის, კურსკის, შატალოვოს, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
ამასთან, რუსებმა უკრაინას დროებით ოკუპირებული ყირიმიდან „ისკანდერ-მ/კნ-23“ ტიპის სამი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს.
უკრაინელებმა დრონები ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, რივნეს, ნიკოლაევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.
თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის, ოდესის, პოლტავას, კიევისა და ზაპოროჟიეს ოლქები დაზარალდა.
