ვაშინგტონში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში (CPAC) „ქართული ოცნებიდან“ არავინ მონაწილეობს.
განსხვავებით ვაშინგტონის კონფერენციისგან, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრები ბუდაპეშტში გამართულ CPAC-ში მონაწილეობდნენ 2023 და 2024 წლებში.
კონფერენცია ვაშინგტონში 19 თებერვალს დაიწყო და 22 თებერვალს დასრულდება. სიტყვით გამომსვლელთა შორის არიან: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვანსი, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი, ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნები და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ვაშინგტონის CPAC-ში მონაწილეობენ მემარჯვენე პოლიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის არინ: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი, ბრიტანეთის „რეფორმის“ პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარე ჯორდან ბარდელა, უნგრეთის CPAC-ის ორგანიზატორი მიკლოშ შანტო და ა.შ.
გარდა სიტყვით გამომსვლელებისა, ღონისძიებაზე მაყურებლად დასწრება სხვა მსურველებსაც შეუძლიათ, თუ ისინი ბილეთს შეიძენენ.
ვაშინგტონის CPAC-ის სიტყვით გამომსვლელთა შორის არ არიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები. ვაშინგტონში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში არათუ მონაწილეობაზე, დასწრების შესახებაც კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ინფორმაციის გადამოწმება ნეტგაზეთმა სცადა როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში, ისე პარტიაში, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია.
კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC მეორე წელია უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას უმასპინძლა „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“. უნგრეთში ნამყოფია როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, ისე ირაკლი კობახიძე.
