„200-500 დოლარად შეიძლება ჯანმრთელი ბავშვიც კი მოეცილებინათ 12 კვირის ზემოთ“ – რას შეცვლის აბორტის შესახებ ახალი რეგულაცია

აბორტთან დაკავშირებული რეგულაციები ქალის მიერ გააზრებული გადაწყვეტილების მიღებას შეუწყობს ხელს
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომელიც აბორტის ჩატარების პროცედურას ეხება, პაციენტის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას შეუწყობს ხელს.
ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა ვერიკო ბაზიარმა ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციის თანახმად, აბორტის გაკეთებამდე 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის დარღვევის შემთხვევაში დგება ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, რაც მანამდე გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, აბორტისწინა კონსულტაცია/გასაუბრება ტარდება ექიმი მეან-გინეკოლოგის, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის (სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2024 წლის 1 იანვრიდან) მიერ, კონფიდენციალურ პირობებში. მანამდე სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის ამ პროცესში მონაწილეობა არ იყო გათვალისწინებული.
ვერიკო ბაზიარის შეფასებით, პროცესში ვიწრო სპეციალიზაციის ექიმის ჩართვის შედეგად მივიღებთ მდგომარეობას, როცა ქალი აკეთებს ინფორმირებულ არჩევანს სწორედ ვიწრო სპეციალისტთან ერთად.
„ეს საკითხი ეკიდა ჰაერში, კარგად თუ გადაუხდიდნენ, შეიძლება ჯანმრთელი ბავშვიც კი მოეცილებინათ 12 კვირის ზემოთ,“ – განაცხადა ბაზიარმა და აღნიშნა, რომ ასეთი სახის აბორტის გაკეთება 200-500 დოლარადაც იყო შესაძლებელი.
ახლა კი, მისი ინფორმაციით, რაც რეგულაცია ამოქმედდა, 12 კვირის ზემოთ ვადაზე მხოლოდ სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
jandacva.ge