უკრაინაში 2022 წლის მარტიდან დაღუპულ ქართველ მებრძოლთან რიცხვმა 85-ს მიაღწია. თებერვალის პირველ ნახევარში ზაპორიჟიეს ფრონტზე, სამი ქართველი მოხალისე დაეცა: 47 წლის მამუკა ბერია და 51 წლის დავით დვალიშვილი, 5 თებერვალს დაიღუპნენ, 49 წლის ლევან პარკაია კი 15 თებერვალს.
თუ უკრაინა დაეცა, იგივე აქ გველოდება, დღეს ყველა ქართველის, ყველა შეგნებული ადამიანის მიზანი უნდა იყოს, რომ უკრაინაში რუსები დამარცხდნენ! ლევან პარკაიას 2022 წლის მარტის ვიდეო მიმართვიდან
ფოთელი ლევან პარკაია პროფესიონალი სამხედრო არ ყოფილა. უკრაინაში გამგზარებამდე, მშობლიურ ქალაქში, ბიოჰუმუსის განვითარებით იყო დაინტერესებული და ვერმიფერმა ჰქონდა. ამ საქმისთვის აუცილებელი კალიფორნიული ჭიაყელები პარკაიამ სწორედ უკრაინიდან შემოიყვანა და ორგანული სასუქი „ჰუმატი“ გამოუშვა.
2022 წლის მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე, პარკაიამ კიდევ ოთხ ფოთელთან ერთად, უკრაინის ომში მოხალისედ წასვლის სურვილი საჯაროდ გამოთქვა. მაშინ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ლევანი კერძოდ ამბობდა:
„იქ თუ უკრაინა დაეცა, იგივე აქ გველოდება, დღეს ყველა ქართველის, ყველა შეგნებული ადამიანის მიზანი უნდა იყოს, რომ უკრაინაში რუსები დამარცხდნენ! იქ თუ უკრაინა დამარცხდა, აქ ერთ თვეში უარესი იქნება, ჩვენ საერთოდ არ დაგვინდობენ და გადაგვივლიან“.
ფოთელი მოხალისე უკრაინის დამცველებს 2022 წლის ივნისში შეუერთდა. სპეციალური საბრძოლო კურსის გავლის შემდეგ, ფოთელი მოხალისე, ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე იბრძოდა. ბოლო პერიოდში, ზაპორიჟიეს ფრონტზე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეციალური დანიშნულების უცხოური ლეგიონის “Solidarity”-ის რიგებში ირიცხებოდა. პარკაიას იგივე „ბებეროს“ დაღუპვის დეტალები უცნობია.
პარკაიას ცხედარი 18 თებერვალს, ფრონტის ხაზიდან გამოასვენეს და ზაპორიჟიეს ოლქში, პატარა ქალაქ ბალაბინოში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ანდრია პირველწოდებულის ტაძარში აუგეს წესი. სამშობლოში ფოთელი მოხალისეს ცხედარს 22 თებერვალს ჩამოასვენებენ.
47 წლის მამუკა ბერია აფხაზეთიდან, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალი კინდღიდან დევნილი იყო. პროფესიონალი სამხედრო იბრძოდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში, არაერთხელ მონაწილეობდა ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში.
საქართველოს თავდაცვის ძალები ბერიამ, ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო, 2022 წლის შემოდგომაზე დატოვა და მალევე უკრაინის დამცველებს შეუერთდა. 2024 წლის სექტემბერში, ბერია მძიმედ დაიჭრა და სარებილიტაციოდ ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში გაგზავნეს, გამოჯანმრთელებისთანავე იგი ფრონტს დაუბრუნდა.
ბერია თანამებრძოლ დავით დვალიშვილთან ერთად 5 თებერვალს, ზაპორიჟიეს ფრონტზე, კამიკაძე დრონის დაცემის შემდეგ დაიღუპა. მას სამი შვილი დარჩა.
„მამუკა ბერია, „მარშალი“, ასე ვეძახოდი სიყვარულით და მართლაც მისი საქმის მარშალი იყო. ამიტომაც არ მოინახა მისთვის ადგილი საქართველოს თავდაცვის ძალებში არჩილ ხოფერია
„მამუკა ბერია, „მარშალი“, ასე ვეძახოდი სიყვარულით და მართლაც მისი საქმის მარშალი იყო. ამიტომაც არ მოინახა მისთვის ადგილი საქართველოს თავდაცვის ძალებში, საიდანაც წამოვიდა და უკრაინის თვალუწვდენელ სტეპში წინ აღუდგა ჯოჯოხეთს, დააბრკოლა, თვითონ კი სამუდამოდ ჩაწვა, მეწყვილე ქართველთან ერთად“ – წერს უკრაინაში მებრძოლი არჩილ ხოფერია.
2022 წლის მარტიდან 2025 წლის 15 თებერვლამდე რუს ოკუპანტებთან ფართომასშტაბიან ომს უკრაინაში, უკვე 85 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. 2014-2021 წლებში კი უკრაინელთა მხარეს 12 ქართველი მეომარი დაეცა. საერთო ჯამში, უკრაინელთა მხარეს 97 ქართველი დაიღუპა.
ამ დროისთვის, სულ ცოტა სამი ქართული წარმოშობის უკრაინელი ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
