კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ X-ზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც ის მხარს უჭერს უკრაინას და ვოლოდიმირ ზელენსკის არწმუნებს, რომ კანადა ყოველთვის უკრაინის მხარეს იქნება.
გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ტრუდომ ნათლად აღნიშნა, რომ კანადა და მისი მოკავშირეები ერთიანდებიან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდასაჭერად და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ.
“უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან არა მხოლოდ იმისთვის, რომ დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, არამედ იმისთვის, რომ დაიცვან წესები, რომლებიც ჩვენ, მთელ მსოფლიოს გვინარჩუნებს მშვიდობას, უკვე 80 წელია. ეს მშვიდობიანი პერიოდი მსოფლიოში არსებობდა იმიტომ, რომ ჩვენ გვქონდა წესები სახელმწიფოს საზღვრების დაცვასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, რამდენიმე წლის წინ, რუსეთმა გადაწყვიტა, დაერღვია ეს წესები.
სწორედ ამიტომ, კანადა და ჩვენი მოკავშირეები ცალსახად ვდგავართ ვლადიმერ პუტინის მიერ საერთაშორისო წესრიგის უკანონო, ამორალური, უსამართლო დარღვევის წინააღმდეგ. მოუთმენლად ველი, რომ რამდენიმე საათში ჩემს ევროპელ პარტნიორებთან ერთად დავჯდები, რათა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დავდგებით უკრაინის და ასევე, იმ წესების დასაცავად, რომლებიც ჩვენ ყველას გვინარჩუნებს უსაფრთხოებას”, – ამბობს ჯასტინ ტრუდო ვიდეომიმართვაში.
უკრაინისადმი კანადის და სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერა ახლა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის ბოლო დღეებში არსებული დაძაბულობის შედეგია.
ზელენსკისა და ტრამპს შორის რიტორიკა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე მიუნხენში, ხოლო აშშ-სა და რუსეთს შორის, უკრაინის გარეშე, პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა საუდის არაბეთში.
3 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინამ დახმარების სანაცვლოდ შეერთებულ შტატებს იშვიათი წიაღისეული მიაწოდოს. თავად უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ სტრატეგიულ პარტნიორებს სთავაზობს სპეციალურ შეთანხმებას ქვეყნის კრიტიკული რესურსების ერთობლივი დაცვის, ასევე ერთობლივი ინვესტიციებისა და ამ ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების შესახებ. ეს მოიცავს ტრილიონობით აშშ დოლარის ღირებულების ბუნებრივ რესურსებს და კრიტიკულ ლითონებს, მათ შორის ურანის, ტიტანის, ლითიუმის, გრაფიტის და სხვა სტრატეგიულად ღირებული რესურსების ჩათვლით.
მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ იმედგაცრუება გამოხატა ელ-რიადში გამართული შეხვედრის შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4%-ია და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე მიუთითა.
