ჩემპიონთა ლიგაზე “ბრესტის” 7:0 დამარცხების და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, რა გასაკვირია, რომ პსჟ-ის მწვრთნელი ლუის ენრიკე კარგ ხასიათზე იყო და კითხვაზე, ვის ისურვებდა მომდევნო ეტაპზე მეტოქედ, ხუმრობით უპასუხა:
“დიახ, მე მაქვს ჩემი არჩევანი, “ლივერპულთან” ან “ბარსელონასთან” თამაში მირჩევნია! ორივე ვარიანტი მომწონს”.
“პარი სენ ჟერმენის” თავკაცს ხვიჩა კვარაცხელიაზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმა სთხოვეს. “როგორ შევაფასებ “კვარას”? ტოპ-ფეხბურთელია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ზამთარში შემადგენლობის გასაძლიერებლად ვარიანტის მოძებნა ძნელია. მას პარტნიორებთან ადაპტაცია სჭირდება. ცხადია, თავისი დონის დამტკიცება და გუნდის დახმარება სურს. როდესაც 7:0-ს იგებ და ასე
ეხმარები გუნდს დაცვაში – სწორედ ასეთი მენტალიტეტი გვჭირდება”, – განუცხადა ლუის ენრიკემ.
