4-წლიანი პაუზის შემდეგ, “ჩარგლის წყაროები” ბაზარზე 2024 წლიდან დაბრუნდება

ლიმონათების და მინერალური წყლების ადგილობრივი კომპანია “ჩარგლის წყაროები”, რომელსაც წარმოება 4 წელია გაჩერებული აქვს, სასმელების ჩამოსხმას 2024 წლიდან განაახლებს. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი გურჩიანმა განუცხადა.
საქმე ის არის, რომ უძრავი ქონების სხვადასხვა საიტებზე დღემდე იძებნება განცხადება, სადაც მფლობელი ქარხანას და 18300 კვ.მ მიწას 26.2 მლნ ლარად ყიდის. ირაკლი გურჩიანის თქმით, ქარხნის გაყიდვის გადაწყვეტილება პანდემიის დროს მიიღო, თუმცა გადაიფიქრა და ახლა, საერთაშორისო საექსპორტო ბაზრების ძიების ეტაპზეა.
“ქარხნის გაყიდვა პანდემიის დროს გადავწყვიტე, თუმცა ახლა გადაწყვეტილება შეცვლილი მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე შესვლა ძალიან რთულია, ქარხნის ამუშავებას ვგეგმავ. მთელს მსოფლიოში ფრანგული წყლები დომინირებს და მოთხოვნაც დიდია, შესაბამისად ამ მიმართულებით პოტენციალს ვხედავ. სახელმწიფოს დახმარების გარეშე წყლის ნებისმიერ მწარმოებელს პრიორიტეტულ ბაზრებზე შესვლა გაუჭირდება. არ ვგულისხმობ დსთ-ს სივრცეს, სადაც ადრე ჩვენც ვმუშაობდით და პროდუქტი ექსპორტზე გაგვქონდა. ახლა ვთვლით, რომ შესაბამისი ბაზარი არ არის.
ველოდებით დროს, რომელიც დარწმუნებული ვარ მალე მოვა. 2024 წლიდან ქარხნის ამოქმედებას ვგეგმავთ. ახლა ბაზრების ძიების პროცესში ვართ და უკვე კონკრეტული კონტრაქტებიც გვაქვს”, – ამბობს გურჩიანი.
„ჩარგალის წყაროებმა“ 1961 წელს აშენებული ქარხანა, სადაც წყალი – „ვაჟას წყარო“ ისხმებოდა, 2007 წელს იყიდა.
ბიზნესმენის თქმით, დასაქმებულთა რაოდენობა საჭიროებისა და მოცემულობის მიხედვით განისაზღვრება. ქარხანას კი, ამ ეტაპზე, თვეში 2,5 მილიონი ბოთლი წყლის წარმოება შეუძლია.