“ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს 2004 წლის 28 მარტს? ეს გვჭირდება ჩვენ” – “ოცნება” 2004 და 2008 წლის არჩევნების შედეგების გამოძიებას იწყებს – 2025 წელი, თბილისი
“ქართული ოცნება” 2004 წლის არჩევნების გაყალბებას იძიებს. მაშინ, როცა დასავლური სამყარო ტოტალურად გაყალბებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, “ოცნება” 21 წლის წინანდელ მოვლენებს სწავლობს.
“ოცნება” ამტკიცებს, რომ გაყალბდა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიც, სადაც, მათი თქმით, ცესკომ მეორე ტური ლევან გაჩეჩილაძეს მოპარა.
ეს არის ის საჩივარი, სადაც „ლეიბორისტულმა პარტიამ“ უჩივლა სახელმწიფოს. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა დარღვევა და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, შევახსენებ ყველას, ეს ის საპარლამენტო არჩევნებია, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ჩენს ქვეყანაში ხელისუფლებაში, აი, ასეთი არჩევნებით მოვიდა, სადაც 60 ათას ადამიანს წაართვეს ხმის უფლება. ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს 2004 წლის 28 მარტს? ეს გვჭირდება ჩვენ აუცილებლად, – თქვა სხდომაზე წულუკიანმა.
2004 წელს ცესკოს ხელმძღვანელობდა ზურაბ ჭიაბერაშვილი.
საგამოძიებო კომისიაში გამოკითხვაზე დაიბარებენ იმ პირებსაც, ვინც 2008 წელს ხელისუფლებაში იყვნენ. იგეგმება ნიკა გვარამიას და ბათუ ქუთელიას გამოკითხვაც. გარდა ამისა, აგვისტოს ომის საკითხზე შესაძლოა, დაიბარონ საიას წარმომადგენლებიც.
