147 დრონი – უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა მორიგი შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის ჯარებმა უკრაინის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 17 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 147 დრონი.
სარდლობის თანახმად, უკრაინის ძალებმა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ს, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ოდესის ოლქებში ჩამოაგდეს 83 დრონი, 59 კი „ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა კიევის ოლქის ბორისპოლის რაიონში. ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიკოლა კალაშნიკი იუწყება. მისივე ცნობით, ოთხ რაიონში დაზიანებულია რამდენიმე კერძო სახლი. ხანძრები გაჩნდა ერთ-ერთ საამქროსა და სასაწყობე შენობებში.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის ორ რაიონში დაზიანებულია 15-მდე სახლი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ სუმიში რუსული დრონი მოხვდა ტექნიკური მომსახურების სადგურს. დაზიანებულია შენობა და ტერიტორიაზე მყოფი ავტომობილები. მსხვერპლი არ არის.
ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა და საწყობები. ადგილობრივი ხელისუფლება კონკრეტულ ობიექტეს არ ასახელებს.
17 თებერვალს, შუაღამის შემდეგ დრონებით შეტევა იყო რუსეთსა და მის მიერ ანექსირებულ ყირიმზეც. დილით, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 90 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.