ბიზნესმენ რესან ქიქავას მოსაზრებით 12 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის საკადრო გადაწყვეტილებებმა, რაც ერთგულებაზე იყო დაფუძნებული და არა კვალიფიციური კადრების შერჩევაზე, შესაბამისი შედეგები მოიტანა. ბიზნესმენი ამბობს, რომ ამას საზოგადოება აღარ შეეგუება.
“ქმედებები, გადაწყვეტილებები ავლენს ადამიანების მიზნებს.
ვინ რას ამბობს – მეორეხარისხოვანია.
ქვეყნის წარმატებას სჭირდება ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
ამისთვის აუცილებელია მართვის სისტემების შექმნა და შესაფერისი ადამიანების შერჩევა.
ამ მხრივ გააანალიზეთ ივანიშვილის საკადრო გადაწყვეტილებები ბოლო 12 წლის განმავლობაში (იმის გათვალისწინებით, რომ არა მხოლოდ მინისტრებს, არამედ მოადგილეებსაც ის არჩევდა თანამდებობებზე).
უკლებლივ ყველგან და ყოველთვის, ადამიანების შერჩევა ხდებოდა მათი მისდამი ერთგულების “ალბათობის” და არა მათი კვალიფიკაციის მიხედვით. შესაბამისად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, (როდესაც ივანიშვილის გადმოსახედიდან შესაძლო ერთგულება და პროფესიონალიზმი ერთმანეთს დაემთხვა), თანამდებობებზე აღმოჩნდნენ უამბიციო, უინიციატივო და არაკვალიფიციური ადამიანები. როდესაც მიზანი არის არა ქვეყნის გაძლიერება და განვითარება, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება და პირადი ინტერესების დაცვა, სხვა რეალობას ვერ მიიღებ.
რეალობა კი არის – “ძელცური” ეკონომიკა, ძალიან ცუდი განათლება და ჯანდაცვა, ბანანის რესპუბლიკის დონის უსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის ხარისხი. და ამ ყველაფრის შესაბამისად – “რუსული” პოლიტიკაც.
აღარ შევეგუებით”, – წერს რესან ქიქავა.
