დიდი ბრიტანეთი მზად არის უკრაინაში თავისი სამხედროები გაგზავნოს სამშვიდობო შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა. მისი სტატია 16 თებერვალს გამოქვეყნდა ბრიტანულ გამოცემა Telegraph-ში.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანახმად, ბრიტანეთი მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობაში, რაც მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძლების შემდგომ მხარდაჭერას. ამ მიზნით ლონდონმა უკვე გამოყო სამი მილიარდი გირვანქა სტერლინგი.
სტარმერის განცხადებით, ლონდონის მზადყოფნა მოიცავს საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარების გაგზავნასაც უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.
პრემიერ-მინისტრი წერს, რომ სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას შესაძლო საფრთხეზე ბრიტანელი სამხედროებისთვის, მაგრამ უკრაინის მხარდაჭერა დაეხმარება თავად ბრიტანეთის და მთელი ევროპის უსაფრთხოების განმტკიცებას. კირ სტარმერი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დასრულება არ უნდა იქცეს მხოლოდ დროებით შესვენებად პუტინის მორიგ თავდასხმამდე.
დღეს, 17 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პარიზში მიიღებს მონაწილეობას ევროპელი ლიდერების შეხვედრაში, რომელზეც უკრაინის შესახებ იმსჯელებენ. სამიტი ევროკავშირის წევრი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოიწვია.
ევროკავშირი უკმაყოფილოა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპა არ ჩართო უკრაინაში ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებებში.
მოელიან, რომ პარიზის სამიტის შემდეგ კირ სტარმერი გაემგზავრება ვაშინგტონში და დონალდ ტრამპს ევროპის პოზიციას გააცნობს. ამის შემდეგ ევროკავშირის ლიდერები გამართავენ კიდევ ერთ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით.
პარალელურად საუდის არაბეთში მიმდინარეობს მზადება აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირების შესახვედრად. მოლაპარაკება სავარაუდოდ, 18 თებერვალს დაიწყება.
