თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სუბსიდია ფერმერებს ფაროსანასთან ბრძოლაში დაეხმარება. ლევან ქარდავა “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ფაროსანას წინააღმდეგ თხილის სექტორის მხარდამჭერი პროგრამა მასობრივ პროექტად იქცეს და მასში გაცილებით მეტი ფერმერი ჩაერთოს.
ქარდავას თქმით, პროგრამაში ჩართული ფერმერების თხილის კულტურას, სხვა ნაკვეთებიდან გადმოსული პარაზიტი აზიანებს, ამიტომ აუცილებელია ფაროსანასთან ბრძოლის პროექტში მეტი ფერმერი ჩაერთოს.
“ფაროსანას პრობლემა აღმოფხვრილი არ არის, რადგან მასთან ბრძოლა არ არის მარტივი, თუმცა სუბსიდიის გარეშე გაცილებით უარესი შედეგი იქნებოდა, ვიდრე გვაქვს დღეს. პრობლემაა ის, რომ მიუხედავად სახელმწიფოს სურვილისა, ქმედებებისა, ეს პროგრამა ვერ იქცა მასობრივ პროექტად როგორც გადამმუშავებლებს გვსურს და საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ უკეთესი შედეგები.
თუ არ იქნება გატარებული იგივე ღონისძიებები სხვა ფერმერების მხრიდან, მეზობელი ნაკვეთებიდან ისევ ხდება ფაროსანას შესვლა ფერმერების ბაღებში. აუცილებელია მეტი ფერმერი ჩაერთოს [ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის] პროექტში. მეტი სამუშაოა გასატარებელი, ჩვენი და სახელმწიფოს მხრიდან მეტი აქტივობაა საჭირო, რომ დავარწმუნოთ ადამიანები მოუარონ თხილს“, – აცხადებს ლევან ქარდავა.
ინფორმაციისთვის, ფერმერები თხილის სუბსიდიით 2025 წელსაც ისარგებლებენ. პროგრამის ბიუჯეტი კი, წელს 23 მილიონი ლარი იქნება. სუბსიდიით სარგებლობისთვის თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრაცია 2024 წლის 2 დეკემბერს დაიწყო და 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გასული წლების მსგავსად ყოველ 1 ჰექტარზე 500 ლარის სუბსიდიას მიიღებენ ის ფერმერები, რომელთა სარგებლობაში არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს 3 ჰა თხილის ბაღია.
თხილის სექტორის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლიდან დაიწყო, რომლის ფარგლებში დაახლოებით 60 მლნ ლარი უკვე დახარჯულია.
