პოლიციის ყოფილი კაპიტანი, თამთა რეხვიაშვილი:
2002 წლის თებერვალში, ჩემი ძმა ჩვენივე საცხოვრებელი იტალიური ეზოდან აორთქლდა. მაშინ 13 წლის იყო. მე და თედო კიდევ უფრო პატარები. ჩემზე და თედოზე ჩაბღაუჭებული, შეშინებული დედაჩემი მთელ ქალაქში დაძრწოდა იმ იმედით, რომ მისმა კუტმა შვილმა ფეხი აიდგა და ისე, რომ არავინ არაფერი დაუშავა, უბრალოდ სადღაც წავიდა, თავისით წავიდა. დედა ისე მიჭერდა ხელს, მტკიოდა, ისე სწრაფად დაქროდა, ვერ ვეწეოდი, მაგრამ ისეთი გაქვავებული იყო, ვერ ვუთხარი, რომ ოდნავ მოეშვა მოჭერილი ხელი.
ბევრი საათი ვეძებდით, ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ყინავდა და საათების დინება მოსალოდნელი უბედურების ალბათობას ზრდიდა… და იცით, პოლიციამ რა ქნა? არაფერი. არც მოსულან. შებინდებულზე იპოვა ჩემმა მეზობელმა. მიტოვებულ სარდაფში, ზემოდან წყალი ჰქონდა გადასხმული. მთლიანად ლურჯი იყო და ხმას ვერ იღებდა. ვინც თოკოს იცნობთ, იცოდეთ, რომ ამ ამბის შემდეგ ვეღარ ლაპარაკობს. ჩემო მაშინდელო მეზობლებო, ხომ ყველას კარგად გახსოვთ ეს ამბავი? თქვენც ხომ ეძებდით? თქვენც ხომ ლოცულობდით? თქვენც ხომ რეკავდით პოლიციაში ამაოდ? რას აკეთებდა დედაჩემი, როცა ეს მოხდა? მოსწავლე ჰყავდა. იმ გოგოს ნათია ქალდანი ერქვა. არაფერ შუაშია, მაგრამ იმ დღის ყველა დეტალი მახსოვს. მოსწავლე ჰყავდა, იმიტომ, რომ სახელმწიფომ, სამშვილიანი მარტოხელა დედა, იმ კუტი შვილის პენსიის ანაბარა მიატოვა. და დიახ, 14 ლარი იყო თოკოს პენსია. ვინც, სულ მცირე, დედაჩემის თავგანწირვას იცნობთ და ამდენი ბავშვის სიკვდილის შემდეგ, ისევ ქოცური აზროვნებით – “დედა სად იყო და მშობელი სად იყო, იი ჩუსტები აწყვია ნაპირზე და ბავშვს რა უნდოდა ამ დროს გარეთ?” – საცოდავად ცდილობთ, ხელისუფლების ბრალეულობის გამორიცხვას, არ გრცხვენიათ? მე მრცხვენია, რომ გიცნობთ. მშვიდად ისხედით, ჩვენ თქვენი შვილები არ ვყოფილვართ… ზუსტად ოცდასამი წელი გავიდა და რა შეიცვალა იქიდან აქამდე? ა, ხო, პენსია გაიზარდა. დედაჩემიც გაიზარდა და საკუთარი პენსიაც წამოეწია, რაღა გვეთქმის მადლობის გარდა…
დედი, ბოდიში, რომ კიდევ ერთხელ გაგახსენე. მიყვარხარ.