17
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
დღეს სომხეთში არჩევნებია. რუსეთს მიმზიდველი ფაქტორების დეფიციტი რომ აქვს, მუქარაზე და სხვების გაშავებაზეა გადასული. მედვედევისა და კრემლის პროპაგანდისტების გავლით, ხან უკრაინის სცენარით ემუქრებიან სომხეთს (გეგონება უკრაინაში უკვე მოიგო რუსეთმა) და ხან ტროცკის ადარებენ ფაშინიანს. როდესაც შესათავაზებელი არაფერი გაქვს სიდუხჭირისა და იმპერიულ ომებში, სხვა ქვეყანაში დაღუპვის გარდა, ემუქრები. ესაა რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა.
მიუხედავად ამისა, სომხეთის არჩევნებში ფაშინიანის გამარჯვება მოსალოდნელია (თუმცა გარანტირებული არასდროს არაფერია). პრორუსმა ოლიგარქებმა და ყარაბაღის კლანის წარმომადგენლებმა წლების განმავლობაში გამოხრეს სომხეთი და რუსეთის იქით გზა მოუზღუდეს თავიანთ ქვეყანას. ამიტომ ახლა მათი დაბრუნების შანსი პრაქტიკულად მინიმალურია, რამდენსაც არ უნდა ცდილობდეს მილიარდერი კარაპეტიანი თუ პრორუსი ქოჩარიანი.
არც აზერბაიჯანის წინააღმდეგ რევანშის კამპანია მუშაობს დიდად. კარგად გამოჩნდა როგორი “პარტნიორიცაა” რუსეთი სომხეთისათვის. როგორც კი რაღაც არ მოეწონება ან სხვასთან დაალაგებს, ადვილად გასწირავს ნებისმიერ “ალიანსს” და მერე მხრებსაც აიჩევჩავს. თავის დროზე, 1999 წელს ყარაბაღის გადაუჭრელმა საკითხმა ერევნის პარლამენტში გრუ-ს სპეცოპერაცია და პარლამენტარების ჩაცხრილვა გამოიწვია, ხოლო 2008 წელს ერევნის ქუჩებში პრორუსული ყარაბაღის კლანის მიერ ხალხის დახოცვაც არავის დავიწყებია. ძლივს მოშორებულ ტირანულ პრორუსებს რთულად დააბრუნებს ახლა ვინმე უკან.
მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ რუსეთი არაფერს შეეცდება. ბოლო ორ წელიწადში რუსეთმა ორჯერ სცადა სიტუაციის არევა და ფაშინიანის წინააღმდეგ მოქმედება. ამაზე სომხური უშიშროება საუბრობდა თავად. ეკლესიის კორუფციული წარმომადგენლების, რუსეთის მხარეს მებრძოლი ეთნიკურად სომხური ნაწილებისა და მილიარდელების გამოყენებასაც არ მოერიდა რუსეთი. ამიტომ არაა გამორიცხული რომ მცდელობები კიდევ ჰქონდეს რუსეთს ახლო ან შორეულ მომავალში, მით უფრო რომ რუსული ნაწილები ადგილზე არიან წარმოდგენილები.
თუმცა ახლო მომავალში ბურთი დასავლეთის მოედანზეცაა. ყველას უნდა რეფორმებისა და ევროპასთან დაახლოების მცდელობით მიიღოს სასურველი პერსონალური შედეგი. თუკი ფაშინიანის მთავრობა ვერ დადებს სასურველ შედეგს უბრალო ადამიანებისათვის და ევროპაც აქტიურად არ იქნება კავკასიაში წარმოდგენილი და თურქეთიც ეკონომიკურად არ იაქტიურებს, ფაშინიანს გაუჭირდება ან სულაც პოზიციის შეცვლა მოუწევს რუსეთის სასარგებლოდ. ასე რომ ამ შემთხვევაში მარტო დღევანდელი დღე არ არის გადამწყვეტი და შემდგომი პროცესებიც კრიტიკული მნიშვნელობისაა.