აშშ-მ ევროპულ სახელმწიფოებს მოსთხოვა წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია იმ შეიარაღების, მშვიდობისმყოფელი ჯარისა და სხვა ზომების შესახებ, რაც ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებისთვის შეუძლიათ გამოყონ.
საკითხში ჩახედულმა ოთხმა ანონიმურმა პირმა Financial Times-თან საუბრისას დაადასტურა, რომ ვაშინგტონიდან წერილი უკვე გაგზავნეს ევროპის დედაქალაქებში.
წყაროების მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპელ პარტნიორებს სთხოვს წარმოადგინონ ინფორმაცია, თუ რა ტიპის და რაოდენობის შეიარაღება შეუძლიათ გადასცენ უკრაინას, ასევე, ინფორმაცია ჯარის ბრიგადების რაოდენობაზე, რომლებიც უკრაინაში იქნებიან განლაგებულები.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე. მისი თქმით, აშშ-ს მოთხოვნის გარეშეც, ევროპულმა სახელმწიფოებმა გარკვევით უნდა შეიმუშაონ გეგმა, თუ როგორ აპირებენ უკრაინის დახმარებასს.
“მესმის, რომ ევროპის ქვეყნები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ ისინი პირდაპირ არ ჩასვეს მოლაპარაკების მაგიდაზე. ჩემი პოზიციაა, რომ პირველ რიგში, ერთმანეთის ორგანიზება მოახდინეთ, იდებატეთ და იფიქრეთ, თუ რა შეიძლება იყოს ევროპის კონტრიბუცია” – თქვა რუტემ.
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთისა და აშშ-ს წარმომადგენლები მომდევნო დღეებში საუდის არაბეთში გამართავენ შეხვედრას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე სასაუბროდ. ინფორმაცია ამერიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ მაკკალმა Reuters-თან დაადასტურა.
მანამდე, 12 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პუტინთან ხანგრძლივი, პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი “ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო”, ხოლო კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტი და მისი დელეგაცია მოსკოვში მიიღოს.
ამავე დღეს ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საუდის არაბეთში შეხვდება.
პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტთან მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე და ერთად მუშაობის მზადყოფნაზე ისაუბრა.
ლიდერების საუბრის შესახებ ვრცელი განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.
წყარო: ტაბულა