Politico-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები უახლოეს დღეებში საუდის არაბეთში გაემგზავრებიან, რათა რუსულ და უკრაინულ მხარეებთან ერთად ომის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყონ. გამოცემას ამის შესახებ ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა.
Politico-ს ცნობით, აშშ-ს დელეგაციაში იქნებიან აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და აშშ-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი.
თუმცა, ზემოხსენებული ანონიმური ამერიკელი მაღალჩინოსნების ინფორმაციით, დელეგაციაში არ იქნება ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგი.
წყაროების ცნობითვე, სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ მსხვილი ევროპული ძალების წარმომადგენლები. როგორც გამოცემა წერს, ამ ფაქტმა შესაძლოა, NATO-ს წევრი ევროპული ქვეყნების შეშფოთება გამოიწვიოს, ვინაიდან მათ ხშირად მოუწოდებიათ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის, უზრუნველყოფილიყო მათი ადგილები რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ტეხასელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ მაკკოლმა უოლცისა და უიტკოფის გეგმა, შეუერთდნენ მარკო რუბიოს საუდის არაბეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში POLITICO Pub-თან ინტერვიუს დროს დაადასტურა.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის საუდის არაბეთში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრას მოელის. ტრამპის თქმით, ისინი “საბოლოოდ მოელიან, რომ შეხვდებიან” და ისინი “შეხვდებიან საუდის არაბეთში, რათა ნახონ, რისი გაკეთება შეუძლიათ”.