პროკურორ ნუგზარ ჭიტაძეს ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტის, 22 წლის თედო აბრამოვის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ვესაუბრეთ.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული კიდევ სამი დემონსტრანტიდან ორის საქმის პროკურორიც ისაა. სამივეს – ნიკოლოზ კაციას, თედო აბრამოვსა და ანტონ ჩეჩინს ერთნაირი ბრალი აქვთ – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა.
ადვოკატები ამტკიცებენ, რომ დაკავებულებს აკრძალული ნივთიერებები პოლიციამ „ჩაუდო“. და ამ მოსაზრების დასტურად რამდენიმე საეჭვო გარემოება მოჰყავთ:
· სამივე შემთხვევაში პოლიციას ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა;
· სამივეს ნარკოტიკი ქურთუკის გარე ჯიბეში უპოვეს;
· არცერთ შემთხვევაში პოლიციელებმა ჩხრეკის პროცესი არ გადაიღეს;
· საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს: ეს შეიძლება ყოფილიყო პოლიციელის მიერ გადაღებული ვიდეო ან რომელიმე ნეიტრალური მოქალაქის ჩვენება, რომელიც ნარკოტიკის „ამოღებას“ დაადასტურებდა.
