ბექა ლილუაშვილი – ვინმე ბოჟაძე საუბრობს სხვის ვითომ ტყუილზე და სხვის ეკონომიკის არცოდნაზე, ადამიანი, რომელიც „შეკვეთით მოსაუბრედ“ არის ცნობილი და რომელიც, როგორც ჩანს, ვერ ასხვავებს ადამიანის ქონების შეფასების სხვადასხვა მეთოდს

ვინმე ბოჟაძე საუბრობს სხვის ვითომ ტყუილზე და სხვის ეკონომიკის არცოდნაზე, ადამიანი, რომელიც „შეკვეთით მოსაუბრედ“ (ისე როგორც ბევრი სხვა) არის ცნობილი და რომელიც, როგორც ჩანს, ვერ ასხვავებს ადამიანის ქონების შეფასების სხვადასხვა მეთოდებს,- ამის შესახებ პარტიის – „გახარია საქართველოსთვის“, წევრი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებას, რომ გახარიამ შეგნებულად მოიტყუა, თითქოს „ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქონება გაზარდა“.
ლილუაშვილის თქმით, ტყუილი და თვალთმაქცობა ისაა, რაც თავად ივანიშვილმა თქვა 2021 წელს, რომ „მხოლოდ 200 მილიონს იტოვებს და დანარჩენ 5, 6, თუ 7.70 მილიარდს საქველმოქმედო ფონდს ჩუქნის“.
„აი, ეს ადამიანი [ვლადიმერ ბოჟაძე] ვინმე ბოჟაძე საუბრობს სხვის ვითომ ტყუილზე და სხვის ეკონომიკის არცოდნაზე, ადამიანი, რომელიც „შეკვეთით მოსაუბრედ“ (ისე როგორც ბევრი სხვა) არის ცნობილი და რომელიც, როგორც ჩანს, ვერ ასხვავებს ადამიანის ქონების შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.
ტყუილად ირჯებით, ბოჟაძევ, 2021 წლის ივანიშვილის სიტყვების მიხედვით, თუ მას დავუჯერებთ, ის მილიარდერი კი არა, საპატიო მულტიმილიონერიც კი აღარ არის, თან, არც „ფორბსს“ და არც „ბლუმბერგს“ არ აღიარებს, მხოლოდ 200 მილიონს იტოვებს და დანარჩენ 5, 6, თუ 7.70 მილიარდს საქველმოქმედო ფონდს ჩუქნის (იხ. ამონარიდი ინტერვიუდან). აი, რა არის რეალური ტყუილი და თვალთმაქცობა, თორემ ივანიშვილის ქონება რამდენია, ამას ამ პოსტის მნახველი ძალიან კარგად აფასებს და სხვადასხვა წყარო, მათ შორის, „ბლუმბერგიც“ და „ფორბსიც“ ადასტურებს, ამის ილუსტრაციაც აქვე შეგიძლიათ ნახოთ (მეთოდოლოგიურ განსხვავებებზე განმარტება ფასიანია ბოჟაძისთვის).
აი, ამ 200 მილიონის ამარად დარჩენილმა ადამიანმა, სულ ახლახან ახალი „საქველმოქმედო ინიციატივა“ წამოიწყო და ორთაჭალაში ორ ცათამბჯენს აშენებს, რომლის პროექტი დაჩქარებულად დაუმტკიცა მერიამ. და კიდევ, იმ 200 დატოვებული მილიონიდან 100 მილიონის საწესდებო კაპიტალის ახალი კომპანია „ჯი-სი-ეფ საქართველო“ დააფუძნა, მხოლოდ ეს კი არა, სანქციების შიშით კიდევ 9 ახალი კომპანია დაუფუძნებია ეს საქველმოქმედოდ ოფშორებში გადამალული ფული არავინ წამართვასო, ალბათ.
აი ასეთი „სიმართლის“ მთქმელი ხალხი ხართ თქვენ!“,- წერს ლილუაშვილი.