პროევროპული აქციების მონაწილის, ექიმ გიორგი ახობაძის წერილი ციხიდან, რომელსაც და სოციალურ ქსელში ავრცელებს:
![⭕](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t39/1/16/2b55.png)
ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ თანაგრძნობისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატეთ იმ უმძიმეს დღეებში, როცა დედა გარდაიცვალა. ამას არასოდეს დავივიწყებ. სამწუხაროდ მე ჯერ ვერც ვიგლოვე. ამის არც ადგილია აქ და არც დრო. ეს შიგნით გულში მაქვს შენახული, თავისებურ დახურულ ყუთში,რომელსაც მაშინ გავხსნი, როცა აქაურობას დავემშვიდობები. სიმშვიდეს ის მინარჩუნებს, რომ უკანასკნელად საშუალება მომეცა ჩავხუტებოდი და ისე გამეცილებინა მამასთან. დარწმუნებული ვარ, თუ რამე გრძელდება დედამიწაზე სიცოცხლის შემდეგ, ისინი ერთად არიან ახლა და ჩახუტებულები. არ შემიძლია და არასწორი ვიქნები მადლობა არ გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემ გადაყვანაზე იზრუნა პანაშვიდის დღეს. არც ამას დავივიწყებ არასოდეს, იმიტომ რომ ეგ იყო ის, რამაც დამტოვა “ცოცხლად”. ეს ბოლო “ნახვამდის” იყო ის, რასაც მერე უკვე ვეღარ გავაკეთებდი. დანარჩენი ჩემ “გულის ყუთშია” და როცა დრო მოვა გავხსნი.
ჩემ გულის ნადებს გავაგრძელებ ჩვენ საერთო ბრძოლაზე და საქმეზე საუბრით. ალბათ ამას ყველა გრძნობთ, ხედავთ და ხვდებით, რომ ჩაისახა და ძალას იკრებს, ის მრავალფეროვანი ერთობა, რომელსაც ამდენი ხანია ყველა ველოდებოდით. ერთი დიდი ბირთვი იკვრება, რომელსაც ქართული სახელმწიფოს ძრავის ფუნქცია უნდა დაეკისროს. იმის გამო, რომ ათწლეულებია საბჭოთა საქართველოს ნანგრევებში დავაბიჯებდით, ბევრი ადამიანი ჩვენ ირგვლივ უიმედობაშია ჩავარდნილი. მახინჯ წრეზე გვაქვს ნაბოდიალები 90-იანებიდან მოყოლებული. როგორც ჩანს, არ გვქონდა ნაგრძნობი ის, რას ნიშნავს იყო სახელმწიფოს ნაწილი, როგორ უნდა იპოვო სხვა ნაწილები, იპოვო საერთო და ააშენო ერთი მთლიანი. ახლა ვინც გარეთ ვდგავართ, ვართ ქართული სახელმწიფოს “ფაზლის” ის ნაწილები, რომლებმაც უნდა ჩვენი ერთობით და დაუღალავი ბრძოლით სხვა ამ ფაზლის იმედგაცრუებულ ნაწილებს ვანახოთ და დავაჯეროთ კვლავ, რომ ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ავაწყოთ ერთობა, მოვიტანოთ რეალური ცვლილებები და შემდეგ ვიზრუნოთ სახელმწიფოს პროგრესის უწყვეტობაზე. ჩვენ ვართ ისინი, ვინც დანარჩენებს უნდა გავუღვიძოთ იმის რწმენა, რაც გერბზე
გვიწერია – “ძალა ერთობაშია”. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ამიერიდან აღარცერთ მთავრობას არ მისცემს საშუალებას, ირბინოს მოქალაქეების თავებზე. ჩვენ ბევრ რამეს ვსწავლობთ ახლა. მთავარი, რაც უნდა გვამოძრავებდეს, არის სოლიდარობა და ემპათია თითოეული ჩვენი გვერდშიმდგომის მიმართ. ზუსტად ამის დეფიციტმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ – პოლარიზებულ ჭაობამდე. ნაწილი ჩვენგანი წინა ხელისუფლების დროს ვერ ხედავდა სხვის ჭირს, ნაწილი ახლა ვერ ხედავს, ნაწილი ორივე პერიოდში ხედავდა, მაგრამ საიმედო თანამებრძოლს ვერ პოულობდა და დანებდა.
ასე მგონია და ვგრძნობ, რომ ეს მოძრაობა რაც დღესაა, არის ის ბოლო შანსი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. დღეს ჩვენი დანებება გამოიწვევს ისეთ მენტალურ და იდენტობის მარცხს ამ ქვეყანაში, რომ თაობები დაჭირდება ახალი შანსის გაჩენას. ძალიან ბევრი ამ ქვეყანაზე შეყვარებული, მაგრამ უიმედოთ მყოფი ქართველი გვიყურებს და იმედი მაქვს, ნელ-ნელა იჯერებს ჩვენი ბრძოლის გულწრფელობას და უწყვეტობას. ამიტომ ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ ბოლომდე!!! ჩვენ უნდა შევქმნათ ის დიდი გუნდა, რომელიც დაეშვება, გადიდდება და წალეკავს საბჭოთა ნარჩენებს ქართულ ცნობიერებაში და ცხოვრების ფორმაში.
ბრძოლა იქნება ბოლომდე!
ორი სიტყვა აქაურობაზეც მინდა დავწერო. გამოგიტყდებით და აქ მოხვედრის ძალიან მეშინოდა. მეგონა ციხის კართან მთავრდება სიცოცხლე. შეიძლება ეს ასეთი შეგრძნებაც იყოს, როცა აქ დანაშაულის გამო ხვდები. ახლა ვგრძნობ, რომ არაფერიც არ მთავრდება, ეს შიში არ იყო სწორი. საოცრად მშვიდად და შემართებით ხარ, როცა იცი, რომ მართალი ხარ. ერთადერთი, რაც მაკლია, ჩემი სოციალური ქსელებია და ჩემი ტანი რუსთაველზე თქვენთან ერთად. დანარჩენი ყველაფერი ისევ აქაა ჩემთან ერთად და არც ერთი წამით არ ვაპირებ არც უკან დახევას, არც გაჩერებას. სულ რომ გვირაბის გათხრა დამაბრალონ ბომბეიდან ლონდონამდე, წერონ და იკითხონ!
ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ჩემ ბრალეულობას დაამტკიცებს და ჩემ ციხეში ყოფნას გაამართლებს!
იმედი მაქვს, მალე შემოგიერთდებით ფიზიკურადაც!
ჩემი სოლიდარობა რეჟიმის ყველა ტყვეს!
ბრძოლა ბოლომდე!“