ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე:
,,ტრამპმა საშინელი განცხადებები გააკეთა რუსეთთან დაკავშირებით: ღმერთმა დალოცოს რუსი ხალხიო, პუტინი და ზელენსკი ერთ სიმაღლეზე დააყენა, პუტინთან შეხვედრა ჩანიშნა და ა.შ.
რასთან გვაქვს საქმე? მოდი, დასაწყისისთვის ცოტა “გავაპრავებ”, სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ. ცხადია, თუ გინდა რომ პუტინმა იარაღი დადოს და შუამავლად გაღიაროს, ამის მიღწევას არ ცდილობ რუსი ხალხის წყევლით და იმის თქმით, რომ შენ ცალსახად ზელენსკის წარმოადგენ მოლაპარაკებებში.
თუმცა, პუტინი უკვე 25 წელია რუსეთის სათავეშია და არასდროს განელდა პოლიტიკური სიბეცით გაჯერებული ლტოლვა, რომ წინა ხელისუფალმა რაღაც ვერ გააკეთა, მან არ იცოდა და რომ სინამდვილეში პუტინთან ნორმალური ურთიერთობები შეიძლება.
ასეთი ბოდვის შედეგი იყო ობამასეული “პერეზაგრუზკა”; თავად ზელენსკის წინასაარჩევნო დაპირება, რომ ერთ წელიწადში ომს დაასრულებდა (ამ დღის წესრიგით მოვიდა 2019 წელს); 2004 წელს სააკაშვილის მხრიდან რევერანსები და 2012 წელს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის რწმენა, რომ ქოცები რამე სასიკეთოს გამოივაჭრებდნენ რუსეთთან მშვიდობიან ურთიერთობაში.
ყველა ამ მცდელობამ, უკეთეს შემთხვევაში, მოიტანა გაცდენილი დრო, ხოლო უარეს შემთხვევაში – დიდი შენაძენები პუტინისთვის.
კერძოდ, “პერეზაგრუზკის” შემდეგ რუსეთმა ხელი ჩაყო ახლო აღმოსავლეთში, წაიღო ყირიმი და დონბასის ნაწილი. როცა ობამას ადმინისტრაცია გამოფხიზლდა და მიხვდა, რომ “პერეზაგრუზკა” იყო ბოდვა, რუსეთს უკვე დათრეული ჰქონდა უკრაინის მსუყე ნაწილი.
აი ახლა იგივე წრეზე მიდის ტრამპი. ადრე თუ გვიან ისიც გამოფხიზლდება, აუცილებლად. თუმცა, აქ მთავარი კითხვაა – როდის?! სანამ გამოფხიზლდება მანამდე უკრაინა არ წაიღოს პუტინმა და ჩვენც ზედ არ მიგვაყოლოს.
დიახ, ასეთი დილეტანტები არიან ხოლმე სახელმწიფო მეთაურები, თუ ვინმე მათ ჭკვიან ხალხად თვლიდით.“
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/477973874_1370257904373756_3408218217755660847_n-300x242.jpg)