კომპანია, რომელიც ახლა სოხუმის აეროპორტში შევიდა, არის კრემლთან დაახლოებული, ამ კომპანიის მფლობელის მამა არის „ეფესბე“- ს გენერალი, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე. ფაქტობრივად, სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ მოხდა აეროპორტის აღდგენა, – ამის შესახებ “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.
დავითაიას თქმით, უკრაინასთან ომის გამო იზოლაციაში მყოფმა რუსეთმა მომენტი გამოიყენა, რადგან მისთვის სოხუმის აეროპორტი ძალიან მომგებიანია.
მისი ვარაუდით, რუსეთს საქართველოსგან გარკვეული გარანტიები აქვს.
“აეროპორტი დაიხურა ICAO-ს [სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია] გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის მიმართვით. დღესაც ეს აეროპორტი არის დაკეტილი. ქვეყანას, რომელიც განახორციელებს ფრენებს ამ აეროპორტში, ფრენების ლიცენზია ეკარგება. აქამდე რუსეთი ამას ვერ ახორციელებდა და ვერცერთი თვითმფრინავი იქ ვერ ჯდებოდა, გარდა სამხედრო თვითმფრინავებისა, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ ნარკოტრეფიკით. გაეროს ვერტმფრენები ჯდებოდა, როდესაც გაეროს მისია მუშაობდა. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ლეგალურად იქ თვითმფრინავი ვერ ჯდებოდა.
როგორც კი რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია დაიწყო და ყველა საერთაშორისო შეთანხმება დატოვა, ICAO-ს მხრიდან სანქციები იყო გამოყენებული და რუსეთმა აქ დაიწყო ფრენების აღდგენა. ICAO არის ავიაციაში “გაერო” – უფრო გასაგები რომ იყოს.
ევროპის ქვეყნებში რუსები არ დაფრინავენ, ამიტომ არაფერს კარგავენ, სანქციების ქვეშ არიან, მაგრამ სად დაფრინავენ – აზიურ, არაბულ ქვეყნებში. ეს ქვეყნები ICAO წევრები არიან, ამიტომ, საქართველოს სახელმწიფომ ამ კუთხით თუ იმუშავა და განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ მოითხოვოს და დააყენოს ICAO-ში საკითხი, ამ [აზიურ, არაბულ] ქვეყნებში ფრენის გამო რუსეთი, შეიძლება, დაზიანდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან არა თუ ამ საკითხის დაყენება, განცხადებაც არ გააკეთეს ამაზე.
საგარეო უწყებამ უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით, რომ ICAO-ში ამ ქვეყნებზე ზეწოლით რუსებს შეექმნათ პრობლემა იქ ფრენის, მათ შეუძლიათ, სოხუმში ფრენები გააჩერონ. ეტყობა, რაღაც გარანტიები აქვთ, რომ ეს არ მოხდება, ამიტომ რუსებმა ეს ნაბიჯი გადადგეს.
კომპანია, რომელიც ახლა ამ აეროპორტში შევიდა, არის კრემლთან დაახლოებული, ამ კომპანიის მფლობელის მამა არის “ეფესბეს” გენერალი, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე. ფაქტობრივად, სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ მოხდა ამ აეროპორტის აღდგენა. ახლა განხორციელდა ტექნიკური რეისი და 1-ლი მაისიდან აპირებენ ფრენების აღდგენას. რა ნაბიჯი გადადგა ამით რუსეთმა – ამით რუსეთმა სოჭის ტუაფსეს აეროპორტი განმუხტა, უკვე საუბარი არის მშენებლობის მეორე ეტაპზე, რომელიც სატვირთო თვითმფრინავებს მიიღებს.
რუსეთმა გამოიყენა ეს მომენტი, რომ დღეს ომია და ის იზოლაციაშია. თუ უკრაინასთან მოლაპარაკებები დაიდო და სიტუაცია განიმუხტა, ეს მომენტი ჩვენც უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს ამბები შევაჩეროთ, ჯერ ფრენები არ დაწყებულა. ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს დაწყებული, რაც არ არის, ამიტომ, ამით სარგებლობენ და მით იმტკიცებენ ყველაფერს. ბუნებაში არ არსებობს აფხაზი მფრინავი, არც ის ტექნიკური დისპეტჩერები, რომლებიც მიიღებენ თვითმფრინავებს, სულ ქართველები იყვნენ, აქედან გამომდინარე, ახლა რუსებს ჩამოასახლებენ, რომლებიც უზრუნველყოფენ სანავიგაციო მოქმედებებს, რუსული ინფრასტრუქტურა მატულობს იქ.
სოხუმის აეროპორტი უნიკალურია იმით, რომ ორივე მიმართულებით შეგიძლია დაჯდე – ზღვის მიმართულებითაც და მეორე მიმართულებითაც, ქარი არ არის, ამინდების თვალსაზრისითაც ძალიან მომგებიანია, ვიდრე ტუაფსეს აეროპორტი, ამიტომ, რუსები ამას გამოიყენებენ და ჩვენ თუ ჩუმად ვიქნებით, ამასაც მიეჩვევიან”, – განაცხადა დავითაიამ.
