„ვივამედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის მდგომარეობას აფასებს. მისი თქმით, ყოველ მომდევნო დღეს ორგანოების ფუნქციის მოშლის სულ უფრო მზარდ რისკთან არის დაკავშირებული.
„ხანგრძლივი შიმშილობა ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და ყოველი დღე, გაგრძელებული შიმშილობით, დაკავშირებულია შესაბამის რეალურ გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების, ცილების წვა, შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს, პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს, სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლას და ა.შ.
კლინიკა მზად არის. ყოველდღიურად ვახორციელებთ მონიტორინგის პროცესს და ვთავაზობთ შესაბამის სამედიცინო სერვისს. ყოველდღიურად მიმდინარეობს კვლევები.
ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი აქვს, რაც უკავშირდება ხანგრძლივ შიმშილობას, მისთვის გადაადგილება მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს, რომ გადაადგილდეს და აქტიური იყოს. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყოველი შემდეგი დღე, განსაკუთრებით 30 დღის შემდეგ, არის ძალიან დიდი რისკი ორგანოების ფუნქციის მოშლის”, — ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
12 თებერვალი მზია ამაღლობელის შიმშილობის 32-ე დღეა.
მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. თავდაპირველად, სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციული წესით, ხოლო მეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც “პოლიციელზე თავდასხმას” გულისხმობს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს გადაიყვანეს.
მზია ამაღლობელის ადვოკატები ხვალ, 13 თებერვალს, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმებას მოითხოვენ.
