ანა ნაცვლიშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუცია გახდება პერსონალური სანქციების პოლიტიკისთვის ახალი იმპულსის მიმცემი – მნიშვნელოვანია, რომ ის პირებიც დასანქცირდნენ, ვინც „ქართულ ოცნებას“ ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ

ევროპარლამენტის რეზოლუციას ვერანაირ ძალას ვერ მოაკლებს „ქართული ოცნების“ ვერანაირი რიტორიკა – პირიქით, ეს გახდება ძალიან სერიოზული, ახალი იმპულსის მიმცემი პერსონალური სანქციების პოლიტიკისა ეროვნულ დონეზე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტში 13 თებერვალს საქართველოს საკითხზე დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას და ინფორმაციას, რომ რეზოლუცია გარკვეული პირების სანქცირებას შეეხება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის პირებიც დასანქცირდნენ, ვინც „ქართულ ოცნებას“ ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია ეს არის ევროპის მასშტაბით არსებული პოლიტიკური პოზიციის და შეჩერებული აზრის დემონსტრირების ფორმა. ამიტომ ის, რაც აისახება რეზოლუციაზე, გამოხატავს განწყობებს, რომელიც არის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების მიმღებ წრეებში. ამიტომ ამ დოკუმენტის ძალა და გავლენა არის სწორედ ის, რომ ის გარკვეულწილად შემდგომ გზამკვლევს წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლებებისთვის ეროვნულ დონეზე, როგორ უნდა იმოქმედონ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, განსაკუთრებით, როცა საქმე კანდიდატ ქვეყანას ეხება. შესაბამისად, ძალიან სერიოზულია ის წონა და გავლენა, რომელიც აუცილებლად აისახება პრაქტიკაში.
ჩვენ გვახსოვს, [როცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები] დაბეჯითებით ირწმუნებოდნენ, რომ არანაირი პერსონალური სანქციები არ იქნებოდა და დღეს უკვე სათვალავი შეიძლება აგვერიოს, იმდენი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გახდა, არაერთი სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ტიპის სანქციის ობიექტი. ამიტომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ვერანაირ ძალას ვერ მოაკლებს „ქართული ოცნების“ ვერანაირი რიტორიკა, პირიქით, ეს გახდება ძალიან სერიოზული, ახალი იმპულსის მიმცემი პერსონალური სანქციების პოლიტიკისა ეროვნულ დონეზე.
მივესალმები, რომ დასანქცირდნენ ის ადამიანები, რომლებიც ფინანსურ მხარდაჭერას მოძალადე რეჟიმს აძლევენ და ასევე, პროპაგანდისტებს, რომლებიც თავისი პროპაგანდის მეშვეობით საზოგადოებას წამლავენ. მათი დასანქცირება პერსონალურად ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში 13 თებერვალს საქართველოს საკითხზე დაგეგმილია რეზოლუციის კენჭისყრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ევროპარლამენტის რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირებაა მოთხოვნილი. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტში საუბარია – ს, კახა კალაძის, სა და ირაკლი კობახიძის სანქცირებაზე, ასევე “საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და მედიაგარემოს გაუარესებაზე”. ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტში, ასევე საუბარია “პოლიტპატიმრებზე, მათ შორის “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პატიმრობაზეც”. ამასთან, „ტვ პირველის” ინფორმაციით, რეზოლუციაში საქართველოში მოქმედი ბიზნესმენის დასანქცირების საკითხიც დგას. მათი ინფორმაციით, ეს პირები არიან ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი, ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, თინა ბერძენიშვილი, ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, კომპანია “არქის” დამფუძნებელი, ილია წულაია, ასევე ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი. გარდა ამისა, მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბიზნესმენების გარდა სიაში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებიც არიან.