იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ერეკლე ღვინიანიძე 10 თებერვლიდან აღარ იკავებს ამ თანამდებობას – რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, უცნობია.
ღვინიანიძე მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა, მანამდე იყო ამავე სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდოამრე.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მთავრობის შემადგენლობას, სადაც ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებს, ნდობა 2024 წლის 28 ნოემბერს გამოუცხადა. არც პარლამენტისა და არც მთავრობის ლეგიტიმაციას არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები. კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც. ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ყოველდღიურად იმართება პროევროპული მრავალრიცხოვანი აქციები.
ერეკლე ღვინიანიძემ ანრი ოხანაშვილის მოადგილედ 2,5 თვე იმუშავა. ამ პერიოდში მისი საკურატორო უწყებიდან – იუსტიციის სახლიდან, გაათავისუფლეს იმ თანამშრომლების ნაწილი, რომლებიც გამოხატავდნენ პოზიციას ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემებრს გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლითაც უარს ამბობდნენ ყოფილიყვნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის ინიციატორები, აფერხებდა ევროინტეგრაციის პროცესს.
