ელენე ხოშტარია: ეს „სავაჭრო აქტი“ იყო ცალსახა ქვეყნის ღალატი, რუსეთის ინტერესების მსახურება კი არა, პირდაპირ რუსეთის მორიგი დავალების შესრულება, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის გათელვის ხარჯზე

ელენე ხოშტარია:
საინტერესოა, ვინ შეიძლება დაიჯეროს, რომ პუტინს და ივანიშვილს, თავისი კობახიძით, რომლებიც ადამიანებს საკუთარი პარტიული და პიროვნული ინტერესების განხორციელების ინსტრუმენტად აღიქვამენ, რომლებსაც შეუძლიათ ქიმიური იარაღი გამოიყენონ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, უცბად გული აუჩუყდათ აფხაზეთში მცხოვრებ ხალხზე. თან ისე აუჩუყდათ, რომ გავარდა ბიძინა და ჰუმანიტარული დახმარების სახით ბენზინი ჩაურბენინა. ეს ზღაპრები მოუყვნენ ვინმე სხვას. ხალხი ამას არ ჭამს.
საოკუპაციიო ხაზთან რომ მიდიხარ, 1 კგ კანფეტიც რომ მიგქონდეს ან მაკარონი და რძე, გადიხარ არაერთ ქართულ საგუშაგოს. ამ საგუშაგოებმა რომ გაგატარონ, დარეკილი უნდა გქონდეს სუს-ში და გაფრთხილებული, რომ ჩადიხარ. გაჩერებენ, იწერენ პირადობის მოწმობის მონაცემებს და გარკვეული დაყოვნების შემდეგ, ან გაგიშვებენ ან არა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ 300, აღარ ვამბობ 3000 ტონა ბენზინით რაღაცა ბიზნესი მიადგა საოკუპაციო ხაზს, ჯერ ქართველებმა გაუშვეს, უი რა კეთილები ხართო და მერე იქ რუსები ტაშით დახვდნენ. საოკუპაციო ძალა, რომელიც არის იქ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი და პასუხისმგებელი ყველა შექმნილ სიტუაციაზე, ზის და აკვირდება, როგორ სიკეთეში იღვრებიან ქართველები და აფხაზები და როგორ ეხმარებიან ერთმანეთს გასაჭირის ჟამს. ეს ზღაპრებიც მოუყვნენ ვინმე სხვას.
ფაქტია, ეს არ იყო არანაირი ჰუმანიტარული აქტი. თავად კობახიძემ თქვა, რომ ეს იყო ვაჭრობის აქტი. ვაჭრობის აქტი, რომელიც თითქოს საოკუპაციო კანონის დაცვით განხორციელდა. მე არ ვიცი ტექნიკურად რა ქნეს, მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ, როდესაც მოლაპარაკებები მიდიოდა ევროპასთან ვაჭრობის გახსნაზე, მაშინ ძალიან ბევრი დღე, კვირა და თვე მიდიოდა ფიქრი, როგორ შევძლოთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ისეთი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომ მათ მიიღონ ევროპული სიკეთეები და არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარვევა. ამაზე დიდი კვლევა მიმდინარეობდა სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით და საბოლოოდ, ეს საკითხი ჯერაც გადაუჭრელ საკითხად რჩება. ამ მრავალინსტიტუციური და პროცედურული სირთულის ფონზე, ისე, რომ არავინ ვიცოდით, უცბად ივანიშვილსა და კობახიძეს დაესიზმრათ, რომ ასეთი ფორმები არსებობს. ეს ზღაპრებიც მოუყვნენ სხვას.
ეს „სავაჭრო აქტი“ იყო ცალსახა ქვეყნის ღალატი, რუსეთის ინტერესების მსახურება კი არა, პირდაპირ რუსეთის მორიგი დავალების შესრულება, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის გათელვის ხარჯზე. არანაირი დახმარება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ეს იყო რუსული სპეცოპერაცია განხორციელებული ქართულ ოცნებასთან ერთად და ეს არის ქვეყნის ღალატი. ოღონდ, მომავალი სამართლიანი მართლმსაჯულების გარდა, მათ ადგილას, უკრაინელებისაც მაგრად შემეშინდებოდა, არაფერს ვამბობ დასავლურ ქვეყნებზე და სანქციებზე.
და ბოლოს, ვფიქრობ, რომ მომწიფდა დრო შემოდგომაზე დიდი ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარების, რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტენ გარეთ მყოფი პოლიტიკოსები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მართლაც აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა ანახონ პუტინს, ივანიშვილს და მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო, რაც არ უნდა კანონები მიიღონ, არ აპირებს ოკუპაციასთან შეგუებას და საქართველო რეჟიმთან ბრძოლას აგრძელებს .
ბოლომდე!
15/08/2026