რუსები უკრაინას, 11 თებერვლის საღამოდან, „ისკანდერ-მ“ ტიპის 7 ბალისტიკური რაკეტით და სხვადასხვა ტიპის 123 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა 6 რაკეტა და 71 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 40 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.
„ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის და მიკოლაივის ოლქებში „ისკანდერ-მ“ ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტის და „შაჰედის“ და სხვა ტიპის 71 დრონის ჩამოგდება დაფიქსირდა. მტრის 40 დრონი ლოკაციურად დაიკარგა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ბალისტიკით შეუტიეს კიევსა და კრივი-რიჰს: ექვსი „ისკანდერ-მ“ ტიპის რაკეტა რუსეთის ბრიანსკის ოლქიდან გაუშვეს, ერთი – დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.
უპილოტო საფრენი აპარატები კი რუსეთის მილეროვოს, ორიოლის, ბრიანსკის, კურსკის და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან გაუშვეს.
