ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

ესტონეთის ქალაქ ტარტუში გამართულ ევროპის ჩემპიონატის კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში, ღია (დიდები) ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.
47 კგ წონითი კატეგორიაში იასპარეზა მთვარისა ხარძიანმა. მან სამჭიდში საერთო 325 კგ-ით მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი სპორტსმენი ჩაჯდომში 102,5 კგ-ით და წოლჭიმში 67,5 კგ-ით მესამე იყო, ამოწევაში კი 155 კგ- ით – მეორე. საერთო ჩათვლაში მან სამი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
+120 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა 22 წლის თემურ სამხარაძემ. მან 1027,5 კგ-ით პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონი გახდა (410+237,5+380). გარდა ამისა, ის არის ევროპის რეკორდსმენი დიდებსა და ახალგაზრდებს შორის. ჩაჯდომში მან დაამყარა ოთხი ევროპის რეკორდი – ორი დიდებსა და ორი ახალგაზრდებს შორის 404 და 410 კგ-ით. ამოწევაში ქართველ სპორტსმენს მხოლოდ ერთი მისვლა ჩაეთვალა (380 კგ). მეორე მისვლისას მან მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორი მოძრაობის ჯამით კონკურენტებს საგრძნობლად უსწრებდა და პირველი ადგილი შეინარჩუნა. საბოლოოდ თემურ სამხარაძემ სამჭიდის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა. ცალკეულ მოძრაობებში მან დაიმსახურა მცირე მედლები: ჩაჯდომში – ოქრო, წოლჭიმში – ვერცხლი და ამოწევაში – ბრინჯაო.