რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში აღარ გავა გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე”. ეს ინფორმაცია დათო გორგილაძემ “რადიო თავისუფლებას” დაუდასტურა. გადაცემის წამყვანმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ არხის ხელმძღვანელობამ გადაცემის დახურვის მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაასახელა.
ლიკა ბასილაია-შავგულიძე 2022 წლის მაისიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრია. ის ბორდში ოპოზიციის კვოტით მოხვდა. სოციალურ ქსელში წერს, რომ არხზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის დახურვის შესახებ, მედიისგან შეიტყო.
“გუშინ გვქონდა ბორდის სხდომა. არავის არაფერი უთქვამს ფინანსურ რესტრუქტურიზაციაზე. მე და ლაშა ტუღუშმა ბიუჯეტს მხარი არ დავუჭირეთ, რადგან მათ არ ჰქონდათ წარმოდგენილი სათანადოდ ბიუჯეტის ნარატიული ნაწილი, იყო სხვა საკითხებიც, რის გამოც ხმა არ მივეცით. ახლა ვიგებ, რომ არხის ერთ-ერთ ყველაზე მაგარ გადაცემას ხურავენ თურმე! – წარმოუდგენელია ეს თავგასულობა!”
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ბოლო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 29 დეკემბერს გავა. რის შემდეგაც ტელევიზიას დატოვებს, რადგან არხს თანამშრომლობის გაგრძელება თუნდაც სხვა წამყვანად არ შეუთავაზებია. საკუთარ გადაცემამდე გორგილაძე გარკვეული პერიოდი დილის გადაცემის წამყვანიც იყო.
სოციალურ ქსელში გადაცემის დახურვას კრიტიკულად ეხმაურებიან. წერენ, რომ შესაძლოა მისი გადაცემის დახურვა ბოლო პერიოდში დათო გორგილაძის კრიტიკულმა განცხადებებმა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე „აგენტების კანონის“ პროტესტის დროს, გორგილაძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
“გამარჯობა არ უთხრათ. ვისაც გამბედაობა გეყოფათ სახეში მიახალეთ, რომ სინდისგარეცხილი, შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანები არიან. შეარცხვინეთ, რთული იქნება, გაგიჭირდებათ, მაგრამ სცადეთ. ქართულ სუფრაზე თუ მათთან ერთად მოხვდებით, შესამჩნევად ადექით და დატოვეთ იქაურობა. ამას იმსახურებს ყველა, ვინც მაგ კანონს მხარს დაუჭერს. დრო ამას ისედაც იზამს, გარდაუვალია, მაგრამ აქედანვე დავიწყოთ…“
მოგვიანებით გორგილაძის პოსტს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე გამოეხმაურა. მან დავით გორგილაძეს უსამშობლო და აგენტი ფაშისტი უწოდა:
„6 დღის წინ დაგიწერია, ვერ მოგაქციე ყურადღება, შენნაირი უსამშობლო და აგენტი ფაშისტები ისედაც ვერ სხდებიან ქართველებთან, ჯიგრებთან, სამშობლოს მოყვარულ კაცებთან სუფრებზე, არ იდარდოთ თქვენ მაგაზე შენი და შენნაირი მოღალატეების უტრაკო მეტრაკე დედაც მოვ***ნ“, – წერად დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმბსუბუქე“ საზოგადოებრივ მაუწყებელზე 2021 წლის მაისიდან გადიოდა. პირველი რესპონდენტი ნიკოლოზ რაჭველი იყო. მას შემდეგ არაერთი ცნობილი სახე ჩაწერა, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველები და ის იშვიათი რესპონდენტები, რომლებიც მედიას არ წყალობენ. ვინ იქნება გორგილაძის უკანასკნელი სტუმარი მაუწყებელზე, 29 დეკემბერს გავიგებთ.