“ოცნების” სურვილია, გაწყვიტოს საპროტესტო ჯაჭვი და ადამიანები დააშინოს – ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების დაკავების ფაქტს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილის გუნდის მეთოდები დაუძლურებული ხელისუფლების ნაბიჯებია.
მათ აღარ აქვთ ბევრი სვლა, გარდა ადამიანების უხეში დაშინებისა. სურვილი, სავარაუდოდ მათი არის, რომ გაწყდეს ეს პროტესტის ჯაჭვი და დააგდონ საპროტესტო მოძრაობის მორალი. დაპატიმრებებსაც აკეთებენ ისე, რომ ბევრმა დაინახოს და ადამიანებს შეეშინდეთ. შეიძლება ვიღაცებს ეშინოდეთ, მაგრამ იაზრებენ, რომ ეს შიში თუ არ დაძლიე, მერე რაც შეიძლება მოხდეს ეს არის უარესი. ამის მიუხედავთ, რომ გრძელდება ეს ბრძოლა, არის მნიშვნელოვანი. ძალიან დაუძლურებული ხელისუფლების ნაბიჯებია. ტერორი არის სუსტის იარაღი”, ამბობს ლევან ცუცქირიძე.
რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო – ადგილზე შეკრებილი ევროპული მომავლის მცველები საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველები მოქალაქეებს ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
პოლიციელებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაკავებების სერიაც განაახლეს. მათ ხელბორკილები, სავარაუდოდ, ოთხ ადამიანს დაადეს.
დაზუსტებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია. იგი პოლიციამ დაკავების მანქანაში ძალის გამოყენებით ჩატენა.