„ქართულ ოცნებაში“ კვლავ აგრძელებენ შეთქმულების თეორიის განვითარებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ში FARA-ს კანონის შერბილება საეჭვოდ დაემთხვა მათ მიერ საქართველოში FARA-ს ასლის შემოღების დაანონსებას.
„ქართული ოცნების“ კონსპირაციის მიხედვით, ამ „საეჭვო დამთხვევის“ უკან, შესაძლოა, Deep State იდგეს. მმართველი პარტიის შეთქმულების თეორიის ბოლო ვერსიით, Deep State იგივე „გლობალური ომის პარტიაა“.
ამით „ოცნების“ წარმომადგენლები ახლა უკვე უშუალოდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც DEEP STATE-ს უკავშირებენ.
თავდაპირველად, 8 თებერვალს, ამ კონსპირაციის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ახლა უცნაურად დაემთხვა ჩვენი განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფარას“ კანონის შერბილებას. აქ შეიძლება ერიოს Deep State-ის ხელი. ამას მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს, 10 თებერვალს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმული ეჭვი საფუძვლიანია.
„ბატონი ტრამპი Deep State-ს ღიად და დეკლარირებულად ებრძვის, რომელსაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ ვეძახით. Deep State-ს თავისი გავლენა აქვს არა მხოლოდ USAID-სა და NED-ში, არამედ აშშ-ს ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ სტრუქტურაში. ტრამპმა პირველივე დღეებში უამრავ დადგენილებას მოაწერა ხელი, რითაც ბიუროკრატიის თანამშრომლებისგან წმენდაც დაიწყო.
ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რომელ უწყებაშია არიან კიდევ Deep State-ის თანამშრომლები და რომელში – არა. თუმცა ეჭვი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა, ნამდვილად საფუძვლიანია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა გააუქმოს FBI-ს საგარეო გავლენის სამუშაო ჯგუფი, რომელიც აშშ-ს პოლიტიკაში უცხო ქვეყნის მთავრობების გავლენის გავრცელებას ებრძოდა. ამის შესახებ მემორანდუმი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა, დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა პემ ბონდიმ გამოსცა.
მემორანდუმის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტი FARA-ს ანუ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის ფარგლებში სისხლის სამართლის საქმეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღძრავს, თუ სავარაუდო ქცევა ტრადიციული ჯაშუშური საქმიანობის მსგავსი იქნება, რომელსაც უცხოური მთავრობის წარმომადგენლები სჩადიან.
უცხოური გავლენის სამუშაო ჯგუფი აშშ-ის 2016 საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა FBI-ისა და აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოების მიერ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე პასუხად.
თუმცა FARA-ს განყოფილება რჩება იუსტიციის დეპარტამენტის კონტრდაზვერვისა და ექსპორტის კონტროლის სექციაში. ბონდის ბრძანებით, ეს სექცია ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო აღსრულებისა და მარეგულირებელ ინიციატივებზე.
“გლობალური ომის პარტია” არის “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.
ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.
ცოტა ხნის წინ “ოცნების” ლიდერებმა შეწყვიტეს ამ ტერმინის (გლობალური ომის პარტია) გამოყენება და ის Deep State-ით ჩაანაცვლეს. „ოცნება“ ჯერ აცხადებდა, რომ “დიფ სთეითი” გლობალური ომის პარტიის “არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტი“ იყო ანუ ეს ორი სხვადასხვა “ორგანიზაციაა”. „ოცნების“ კონსპირაციის ბოლო ვერსიით კი, Deep State იგივე გლობალური ომის პარტიაა.
„ოცნებას“ ამ დრომდე კონსპირაციების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს ვინ არის „გლობალური ომის პარტიის“ ხელმძღვანელი.
სინამდვილეში, ყველას ვისაც „ოცნება“ „გლობალურ ომის პარტიაში“ მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
ზოგადად „დიფ სთეითით“ უფრო გლობალური კონსპირაციის თეორიაა და აღნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემას, რომელშიც არაოფიციალური პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
