ელენე ხოშტარია – მნიშვნელოვანია, შეიქმნას საკოორდინაციო პლატფორმა პრეზიდენტთან – ერთობლივად ვმუშაობთ, ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც ჩართულები არიან, პოლიტიკური საქმეების უკანონოდ შეკერვაზე

პოლიტპატიმრები, ჩვენი ყველას პრიორიტეტია – ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც არიან ჩართულები, ამ პოლიტიკური საქმეების არაკონსტიტუციურად, უკანონოდ შეკერვაზე , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილთან საკოორდინაციო პლატფორმა შეიქმნას.
„მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას საკოორდინაციო პლატფორმა პრეზიდენტთან, სადაც ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთად ვისხდებით და რეგულარულად, ყველა საკითხზე ვისაუბრებთ. ბუნებრივია, პოლიტპატიმრები, ჩვენი ყველას პრიორიტეტია. ამასთან, დაკავშირებით პრეზიდენტი თავად იტყვის, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, იმ ადამიანების სანქცირებაზე, რომლებიც არიან ჩართულები, ამ პოლიტიკური საქმეების აბსოლუტურად არაკონსტიტუციურად, უკანონოდ შეკერვაზე. ეს იქნება ცრუ მოწმეები, მოსამართლეები და ა.შ. ამაზე ერთობლივად ვიმუშავებთ. ეს სიები ყველას გაგვაჩნია – „ენჯეობს“ აქვთ და ჩვენც გვაქვს, ამას შევაჯერებთ. ასევე, გვექნება საერთო პოზიციონირება, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ჩვენს პარტნიორებთან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჯერებული პოზიციები გვექნება. ზოგადად, ვითანამშრომლებთ, ამ პროტესტის პროცესში, რომელიც არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ამ ხელისუფლების დემონტაჟისთვის“, – განაცხადა ხოშტარიამ.