აი ფაქტი: რატომ ვერ სრულდება ქუთაისის “ბულვარის” რეაბილიტაცია?

ქუთაისში თუ ჩამოხვალთ და ისტორიულ “ბულვარში” გასეირნებას მოისურვებთ, იქ დასასვენებელი სივრცის ნაცვლად მწვანე თუნუქით შემოღობილი სამშენებლო ტერიტორია დაგხვდებათ. ასეა უკვე მესამე წელია და რა ხდება ღობის მიღმა, ამასაც არავინ გვაგებინებს.

აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური ბაღის განახლება 2022 წლიდან მიმდინარეობს. არადა, სამუშაოები დაწყებიდან მხოლოდ ერთ წელში, 2023 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო. ბოლოს და ბოლოს, როდის ექნება ამ ისტორიულ ადგილს “ახალი სიცოცხლე”, ამ კითხვას ქუთაისელები ხშირად სვამენ და შიშობენ, რომ საქმე დაპირებისამებრ არ წავა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოქალაქეებში ასეთი ბრაზი და ინტერესი “ოქროს ჩარდახის” უხეირო რეაბილიტაციის შემდეგ არაფერს გამოუწვევია.

ჩვენ მოვიკვლიეთ და ამ სტატიაში მოკლედ მოგიყვებით, რამ გააჭიანურა ქუთაისის “სავიზიტო ბარათის”, 1821 წლით დათარიღებული “ბულვარის” სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ქუთაისის მერია ქალაქის ისტორიული ცენტრის განახლებას ჯერ კიდევ 2018 წელს დაგვპირდა. თუმცა, მაშინ დაპირება სიტყვებად დარჩა და ტენდერიც ვერ გამოცხადდა. ქალაქის მაშინდელი მერი გიორგი ჭიღვარია კი ამას მოსახლეობას აბრალებდა.

“ბულვართან დაკავშირებით ჩვენ გამოკითხვა გავაკეთეთ და მოსახლეობამ გააჩერა ის ტენდერი, რაც გვქონდა. მოსახლეობამ გააჩერა, რომ არ გაგვეკეთებინა. გაგრძელებას ვაპირებთ. არქიტექტურის სამსახური მუშაობს. თუ რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ტენდერი, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება”, – ამბობდა გიორგი ჭიღვარია 2019 წლის დეკემბერში.

არადა, სინამდვილეში, სიტუაცია ასეთი იყო – ქუთაისის მერიამ ფეისბუქზე გაავრცელა ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, დასურათებული რენდერი და დიზაინის რამდენიმე ვარიანტი. მოსახლეობამ ვირტუალურ გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა სასურველ ვერსიას. მაგალითად, აირჩიეს ქვაფენილის ფერი, მასალა, ზომა. პოსტის ქვემოთ  იყო ბევრი კმაყოფილი და ბევრიც, უკმაყოფილო კომენტარები. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ მერიამ ეს პროექტი საერთოდ არ განახორციელა.

აქედან ოთხი წლის განმავლობაში, მთავრობას “ბულვარის” განახლებაზე აღარ უფიქრია. “მოსახლეობის მიერ გაჩერებული” ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2022 წელს გამოაცხადა, თან ისე, რომ არავინ იცოდა, რა პროექტი ედო საფუძვლად ამ სამუშაოებს.

ვრცლად – აი ფაქტი