“ქართულ ოცნებას” და მისი საგარეო უწყებას კვლავ არ გაუკეთებიათ კომენტარი რუსეთის მიერ სოხუმში აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით.
სოხუმის აეროპორტში, რომელიც 1993 წლიდან დაკეტილია, მოსკოვიდან პირველი საცდელი რეისი – რუსეთის პირველი საჰაერო ბორტი სატესტო რეჟიმში 2025 წლის 7 თებერვალს დაჯდა.
საკითხთან საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ამ საკითხზე კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა “მოიკითხავენ”.
სოხუმში აეროპორტის გასხნაზე განცხადება ან კომენტარი არ გაუკეთებიათ “ქართული ოცნების” არც სხვა უწყებებში.
სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO), რომელიც აფხაზეთს აღიარებს საქართველოს შემადგენელ ნაწილად, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. რამდენიმე წლის წინ, როდესაც სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე დაიწყო საუბარი აფხაზურმა მხარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებდნენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.
სოხუმის აეროპორტი რუსეთს 2023 წელს 49 წლით გადაეცა.
სოხუმში აეროპორტის გასხნას გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის”.
“ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რუსეთისთვის სოხუმის აეროპორტის უკანონო გადაცემას და მის ექსპლუატაციში შეყვანას, არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რა მასშტაბის საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები მტრად გამოაცხადა, ხოლო ოკუპანტი სახელმწიფოს ავიახაზების პირდაპირი ფრენები ოკუპირებულ აფხაზეთში სრულიად გულგრილად გაატარა, ისე რომ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად არათუ ფორმალური განცხადება არ გააკეთა, არამედ დასავლელ პარტნიორებსაც არ მიმართა, რომელთა ძალისხმევაზეც იდგა ამ ხნის მანძილზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ამიტომ, მივმართავთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და მეგობრებს, სათანადო შეფასება მისცენ კრემლის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობიდ წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს”, – აცხადებენ პარტიაში.
