ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე – ხედავს თუ არა საქართველოს მომავალს სრულად ინტეგრირებულს დასავლური უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემაში, თუნდაც ეს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას ნიშნავდეს, მთავრობის მეთაურმა უპასუხა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტირები აბსოლუტურად ნათელია.
„რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებების, მიდგომების და ჩვენს ირგვლივ შექმნილი საერთო კონტექსტის გამო. თუმცა, ევროპული ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმაზე მისი ყველა გვერდითი ეფექტი უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან არმიერთების გადაწყვეტილება მივიღეთ, თუმცა დახურულ კარს მიღმა და ხანდახან საჯაროდაც გვთხოვდნენ ამას დასავლეთიდან.
ჩვენი გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას ეფუძნებოდა: რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოღება საქართველოს ეკონომიკას ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნიდა. პირველივე წელს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა, ხოლო პესიმისტური სცენარით რეცესია მინუს 18 პროცენტიც შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ, გადაწყვეტილებები ყოველთვის დაბალანსებული უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, ჩვენ მაინც შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესების მსხვერპლად გაღების გარეშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.