ავტოდაზღვევა წელს შესაძლოა, 15%-ით გაძვირდეს, სერვისებზე ფასები მკვეთრადაა გაზრდილი – არდი

სადაზღვევო პაკეტები კვლავ ძვირდება. სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ 2024 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ფასები ავტოდაზღვევის პოლისებზე გაიზარდა.
როგორც BMG-ის „არდიში“ განუცხადეს, მათ შემთხვევაში, ავტოდაზღვევა საშუალოდ 18-20%-ითაა გაძვირებული, რისი მთავარი მიზეზიც მზარდი ზარალიანობა და ავტომომსახურებაზე გაზრდილი ფასებია.
კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წელს ავტოდაზღვევის გაძვირება კვლავ მოსალოდნელია, შედარებით დაბალი ტემპით.
„2024 წელი ავტოდაზღვევისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელი იყო. ძალიან მაღალი იყო ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, ასევე ავტოსერვისი მკვეთრად იყო გაძვირებული. ავტოსერვისსა და ავტონაწილებზე ფასები 10%-ით კი არ იზრდება, არამედ ხანდახან 200-300%-ითაა გაზრდილი. როდესაც სადაზღვევო კომპანიას ამ ავტონაწილს ანაზღაურებს ან კონკრეტულ სერვისს ყიდულობს, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. შარშან „არდის“ შემთხვევაში ავტოდაზღვევა საშუალოდ 18-20%-ით იყო გაძვირებული და ბაზარზეც დაახლოებით ასეთი ტენდენცია იყო. რაც შეეხება მიმდინარე წელს, შესაძლოა გაძვირების ტემპი შემცირდეს, 15-16% იყოს, მაგრამ მაინც ზრდა იქნება, რადგან ვიდრე ავტოდაზღვევის ზარალიანობა ფორმაში არ ჩადგება, ცხადია, დინამიკა არ შემცირდება“, – განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ BMG-სთან.
ცნობისთვის, ფასები გაზრდილია ჯანმრთელობის დაზღვევაზეც. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში სამედიცინო დაზღვევა წლიურად საშუალოდ 13%-ით იყო გაძვირებული.