დესმონდ და ლეა ტუტუს მემკვიდრეობის ფონდმა (Desmond and Leah Tutu Legacy Foundation) მზია ამაღლობელს, ასევე ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებიც ცენზურას, დევნას და ძალადობას განიცდიან საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა.
ფონდი მშვიდობის, სამართლის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური აქტივიზმის ხელშეწყობაზე მუშაობს. განცხადების საფუძველი ფონდისადმი სალომე ზურაბიშვილის მიმართვა გახდა.
ფონდი პარალელს ავლებს მზია ამაღლობელსა და მარია რესას შორის, რომლის წიგნითაც გამოცხადდა მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე („როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“) და ამბობს, რომ მისი ისტორიის გათვალისწინებით, განსაკუთრებით საშიშია საქართველოში მიმდინარე თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და ჟურნალისტებზე.
„2024 წლის ნოემბერში ნობელის ლაურეატ მარია რესას ვუმასპინძლეთ ფონდში, მშვიდობის შესახებ ლექციაზე, სადაც ისიც სიტყვით გამოვიდა. ისიც იდევნება თავისი მამაცი ქმედების გამო, ფილიპინებში დამოუკიდებელი მედია პლატფორმის შექმნის გამო. თუმცა თავისი სიმამაცისა და საერთაშორისო სოლიდარობის წყალობით, მარია რესამ მოიგერია მასზე სამართლებრივი თავდასხმების დიდი ნაწილი და იქცა ჟურნალისტების ხმად მთელ მსოფლიოში. მისი წიგნი, „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“, შთაგონების წყაროა მოქმედებისთვის.
მარია რესას მაგალითზე, განსაკუთრებით შეშფოთებულები ვართ ჟურნალისტებზე მიმართული მზარდი რეპრესიების გამო საქართველოში, სადაც ცდილობენ, რომ ჩაახშონ დამოუკიდებელი ხმები და საფრთხის ქვეშაა ინფორმაციაზე წვდომის ფუნდამენტური უფლება. ვგმობთ მზია ამაღლობელის დაკავებას, პატივსაცემი ჟურნალისტისა, რომელმაც დამოუკიდებელი მედია პლატფორმები, „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ შექმნა. ეს დამოუკიდებელი პლატფორმები ყოველთვის ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიის განვითარებაზე იყო ორიენტირებული და არაერთი ჯილდო აქვთ მიღებული თავისი საქმიანობისთვის.
მზია ერთ-ერთია იმ 600 ადამიანს შორის, რომელიც უკანასკნელი 2 თვის მანძილზე დააკავეს ბრძოლაში, რომელსაც ქართველები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის აწარმოებენ. დაკავების დღიდან, 24 დღეა შიმშილობს მზია ამაღლობელი [განცხადება დაწერილია 5 თებერვალს. დღეს, 8 თებერვალს, მზია ამაღლობელის შიმშილობის 27-ე დღეა]. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ფონდი წერს, რომ გარდა საქართველოსი, ჟურნალისტების დევნა ხორციელდება ისეთ ავტორიტარულ და ავტორიტარიზმისკენ მიმავალ ქვეყნებში, როგორიც რუსეთი, მიანმარი, ირანი, აფრიკის ქვეყნებია და რომ შეტევა მედიის თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე თავდასხმას ნიშნავს.
„თავისუფალი მედია არ არის პრივილეგია, ეს დემოკრატიისა და ადამიანური ღირსების ღერძია“, — წერია განცხადებაში.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/mdidrebi-1739018655-300x241.jpg)