ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე, რომელიც ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, 2024 წლის დეკემბერში ახალციხის მერიაში დასაქმდა.
ინფორმაცია როგორც სექსუალური შევიწროების შესახებ ბრალდებების, ისე – მერიაში დანიშვნის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა.
ნიკოლოზ (ერისკაცობაში ვლადიმერ) გეწაძე დაინიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2024 წლის დეკემბერში დაფუძნებული ახალი ა(ა)იპ „სკოლისგარეშე სახელოვნებო – საგანმანათლებლო დაწესებულება – წმ. სერაპიონ ზარზმელის სახელობის აკადემია – ზარზმის“ დირექტორად.
საჯარო რეესტრის თანახმად, ეს მოხდა 2024 წლის 26 დეკემბერს.
„სამხრეთის კარიბჭის” მიერ მომზადებული სტატიის თანახმად, არქიმანდრიტ ნიკოლოზ (ერისკაცობაში ვლადიმერ) გეწაძეს სექსუალურ შევიწროებაში ბრალი 5-მა ქალმა დასდო, მათგან 2 ქალი და კიდევ ერთი ქალის მეგობარი გამოცემას ესაუბრა.
„სამხრეთის კარიბჭის” თანახმად, ერთ-ერთი ქალი მათთან ყვება:
„ორი წლიდან ვიცნობ მამა ნიკოლოზს. მისი სულიერი შვილი ვარ 6–7 წლიდან, უფრო სწორად, ვიყავი. ეს დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მოხდა, მამაოს ჩავაბარე აღსარება იმაზე, რასაც მძიმე ცოდვად აღვიქვამდი. მოვუყევი და ტირილი დავიწყე.
იფიქრა, რომ ამ ცოდვაზე „დამიჭირა“ და შეძლებდა ჩემზე მანიპულაციას. დაიწყო ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მეუბნებოდა – ცოდვაში რომ მნახო, რას გააკეთებ? ჯოჯოხეთში ჩამოგყვები. ურთიერთობაში აბსოლუტურად ყველაფერს მოგცემ, ოღონდ ვიღაც „შალიკოში“ არ გამცვალოო. შენს გვერდით დავეცემიო. ფიზიკურადაც შემავიწროვა, მითხრა ფეხზე ავმდგარიყავი, როდესაც ავდექი, ტუჩებში მაკოცა და ხელით უკანალზე შემეხო”.
ქალისვე თქმით, უარის შემდეგ, სასულიერო პირმა ფსიქოლოგიური ზეწოლა განაგრძო.
კიდევ ერთი ქალი გამოცემას უყვება, რომ ერთ წელზე მეტის წინ სასულიერო პირმა აღსარების დროს ჯერ სექსუალურ თემაზე დაუსვა კითხვები, შემდეგ კი ურთიერთობა შესთავაზა.
„მკითხა, ჩემს თვალწინ თუ დაეცემოდა და მასტურბაციით თუ დაკავდებოდა, ამ შემთხვევაში რა რეაქცია მექნებოდა, თუ განვსჯიდი. მითხრა, რომ თუ მასთან ვიქნებოდი ვიღაც შალიკოში არ უნდა გავეცვალე. გამიკვირდა, არ ვიცოდი რა მეპასუხა, შოკში ჩავვარდი. შემდეგ უკვე თავის მართლება დაიწყო. მე ვეუბნებოდი, რომ არ მინდოდა მისგან მსხვერპლი, რადგან არ მინდოდა სანაცვლოდ რამე გამეღო. ვთხოვდი ისევ მოძღვრის და მრევლის ურთიერთობა გვქონოდა”. – ამბობს ქალი.
ქალების სექსუალურ შევიწროებაში მხილების შემდეგ საპატრიარქოს ზნეობის კომისიამ ნიკოლოზ გეწაძეს მღვდელმოქმედება შეუჩერა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ „სამხრეთის კარიბჭეს” და „პუბლიკას” იდენტური პასუხი მისწერა:
„არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძესთან დაკავშირებით გიპასუხებთ: დღევანდელი მოცემულობით არქიმანდრიტ ნიკოლოზს მღვდელმოქმედება შეჩერებული აქვს და გადაყვანილია ზარზმის მონასტრიდან. საქმე ეხება მისდამი წაყენებულ ბრალდებებს, რომელსაც თავად მამა ნიკოლოზი არ აღიარებს. ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა, მეუფე თეოდორემ, სასჯელის ეს ფორმა გამოიყენა მას შემდეგ, რაც მამა ნიკოლოზმა არ ისურვა მომჩივანის წინაშე თავის მართლება”. – აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.
თავად ნიკილოზ გეწაძე უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე.
არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე მონაწილეობდა 2024 წლის აპრილში დაბა ადიგენში ადგილობრივი მუსლიმების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში, როცა ადიგენის მუსლიმ მკვიდრს, მერაბ მიქელაძეს ადგილობრივები საკუთარ სახლში სამლოცველოს მოწყობის საშუალებას არ აძლევდნენ.