ზვიად ქორიძე – ეს არ არის ნორმალური ვითარება – შეიძლება მთლიანად შემოგვეფცქვნას ხელში ისეთი ტერმინები, როგორიც არის „სახელმწიფო“, „დემოკრატია“, „თავისუფლება“

მზია ამაღლობელი მედგრად უწევს წინააღმდეგობას იმ დიქტატურას, რომელიც დღეს ჩვენი პირისპირ არის და საზოგადოების გადატეხას ცდილობს, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელმა, ზვიად ქორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან მზია ამაღლობელს, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს, ჯანმრთელობა უსურვა და განმარტა, რომ თუ ის შიმშილობას არ შეწყვეტს, შეიძლება პროცესი შეუქცევადიც გახდეს.
„მზიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ძალიან რთული მოსასმენი იყო ის ინფორმაცია, რომ ვითარება გართულდა და საჭირო გახდა მისი გადაყვანა „ვივამედში“. იმედი მაქვს, პირველადი ჩარევა ეფექტური იქნება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, თუმცა, ძალიან ძნელია. ლამის თვე გახდება მალე, რაც მზია შიმშილობს. როგორც ექიმები ამბობენ, ეს საკმაოდ რთული შედეგის მომტანია, შეიძლება პროცესი შეუქცევადიც იყოს. ამიტომ, ძალიან სერიოზული და მწვავე პროცესი მიდის ახლა. იმედი მაქვს, ყველანი რაღაც ფორმით შევძლებთ მზიას დარწმუნებას, რომ მან შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა,ძალიან რთულია. იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ადამიანი ასეთ ბრძოლაშია შესული და მედგრად უწევს წინააღმდეგობას ამ დიქტატურას, რომელიც დღეს ჩვენი პირისპირ არის და საზოგადოების გადატეხას ცდილობს, ამის პირისპირ დგას მზია მარტო, თავისი ენერგიით, სულისკვეთებით. ამიტომ, ძალიან კარგად მესმის მისი პათოსიც და მისი განწყობაც, რომ ის ბოლომდე იშიმშილებს, მივა 4 მარტამდეც, როდესაც მისი პროცესი არის ჩანიშნული“, – განაცხადა ქორიძემ.
მან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადება გააკრიტიკა, რომლის თქმით, მედიას მზია ამაღლობელი გმირად გამოჰყავს. ზვიად ქორიძის შეფასებით, მდინარაძემ საერთოდ არ იცის, რა არის გმირობა.
საერთოდ შეეშვას გმირობაზე საუბარს, რადგან საერთოდ არ იცის, რა არის გმირობა. ღირსებაზე საუბარსაც შეეშვას, რადგან არ იცის, რა არის ღირსება. თავისუფლებაზე საუბარსაც იმიტომ, რომ არ იცის, რა არის თავისუფლება. ის უბრალოდ არის გამორჩენაზე, ცხოვრობს ს „გარმოშკაზე“. გადაუგდებს თავისი სუფრის ნაფშვენს და ისინი ბედნიერები არიან. მამუკა მდინარაძემ რა იცის, რა არის სახელმწიფო? ის სახელმწიფოს ანგრევს და ამას ვერ იგებს. რა სახელმწიფოზე ლაპარაკობს მდინარაძე, ისინი არიან ჩვეულებრივი შირმები ბიძინა ივანიშვილის დიქტატურისთვის, რომ აჩვენონ, ჩვენ რაღაც „სახელმწიფოებრიობანას“ ვთამაშობთო. რეალურად, ეს ადამიანები აძლიერებენ დიქტატურას. მზია ამაღლობელი პოლიციის წინაშე, პოლიციის ალყაში, პოლიციის პრესინგის ქვეშ აღმოჩნდა იმიტომ, რომ დიქტატურას უნდოდა“, – განაცხადა ქორიძემ.
გარდა ამისა, ზვიად ქორიძე 4 თებერვალს პარლამენტთან გამართულ აქციასაც გამოეხმაურა, სადაც აქციის მონაწილეები დააკავეს, ხოლო მედიის წარმომადგენლებზე იძალადეს. ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს ანგრევს, ხოლო მისი დიქტატურა მედიას ებრძვის.
„დიქტატურისთვის მთავარი წინაღობა არის თავისუფალი მედია, თავისუფალი სიტყვა. სადაც თავისუფლებაა, ის უნდა მოგუდოს და მოახრჩოს, ამიტომ ებრძვიან ეს საპოლიციო, სადამსჯელო რაზმები ჟურნალისტებს, რომლებიც მათ დასდევენ. გარწმუნებთ, ხვალ მწერლების, მსახიობების დევნას დაიწყებენ“, – განაცხადა ქორიძემ.
გარდა ამისა, ზვიად ქორიძე „თბილისი მოლთან“ დაკავებულების საქმესაც გამოეხმაურა, რომელთაგან 8 პირს ბრალი სისხლის სამართლით გადაუკვალიფიცირდა. ის მიიჩნევს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო.
„დგებუაძეს, „ხარებას“, გომელაურს, ს ივანიშვილმა უკარნახა, “ყველანი სისხლის სამართლით დაიჭირეთ, ყველანი უნდა ჩავსვათ ციხეშიო. რატომ შეიძლება ნორმალურმა სახელმწიფომ ასეთი რეპრესიული მექანიზმი გამოიყენოს იმ აქციის გამო, რაც „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს ხდებოდა. რა ხდებოდა მოლთა ისეთი, რომ ასეთი რეპრესიული მანქანა გამოიყენეს? – არაფერი. ეს რეპრესიული მანქანა ივანიშვილს იმისთვის სჭირდება, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით გააძლიეროს თავისი დიქტატურა“, – განაცხადა ქორიძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველო კლასიკური დიქტატურის დამყარების პროცესშია . ზვიად ქორიძის შეფასებით, ამ დიქტატურას „ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამყარებს.
„არ არის ეს ნორმალური ვითარება. ჩვენ ძალიან დიდ, გლობალურ სურათში უნდა დავინახოთ, რომ შეიძლება მთლიანად შემოგვეფცქვნას ხელში ისეთი ტერმინები, როგორიც არის „სახელმწიფო“, „დემოკრატია“, „თავისუფლება“. ამიტომ, ახლა ჩვენი მიდგომა გაცილებით სხვა უნდა იყოს, ვიდრე ამას ხშირად საჯარო სივრცეში ვხვდები“, – განაცხადა ქორიძემ.